ქეთევან იაშვილი – საუკუნის ქალი, რომელმაც თელავს 200 ფერწერული ტილო აჩუქა

,,ნახევარ საუკუნეზე მეტია რაც ჩემი ხალხის ფიზიკურ მშვენიერებას ვემსახურები, მიზნად დავისახე მისი სულიერი მშვენიერებისთვისაც გამეწია ანგარიში, ამ მიზნით ვიძენდი ხელოვნების შესანიშნავ ქმნილებებს, რომლებიც შემდეგ ჩემს ხალხს, ერს, ჩემს სამშობლოს ვუძღვენი’’,- ეს თელაველი საზოგადო მოღვაწის, კოლექციონერის ქეთევან იაშვილის სიტყვებია, რომელიც მან გარდაცვალებამდე დაწერა.

ქეთევან იაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში 1883 წლის 23 აპრილს თავად მერაბ იაშვილის ოჯახში დაიბადა. მან ბავშვობა და ახალგაზრდობა თელავში გაატარა. 1900 წელს იაშვილმა დაწყებითი განათლება თელავის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში მიიღო. საუკუნის დასაწყისში იგი გაემგზავრა ხარკოვში და ფარმაცევტოლოგიურ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. დაბრუნების შემდეგ კი თელავში კერძო აფთიაქში პროვიზორად დაიწყო მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ის წარმატებით მუშაობდა სხვადასხვა აფთიაქებში, მას 1930-იან წლებში ახალი ინტერესი, კოსმეტოლოგია გაუჩნდა. აღნიშნულ პროფესიას ის ქალაქ პეტერბურგში დაეუფლა, სწავლის დამთავრების შემდეგ კი თბილისში საკუთარ სახლში კოსმეტოლოგიური კაბინეტი გახსნა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა.

თელავის ისტორიული მუზეუმის ხელოვნების ფონდის მცველი, ქეთევან ხუციშვილი პირადად იცნობდა ქეთევან იაშვილს. იგი იხსენებს, რომ პროფესიის გარდა, იაშვილის კიდევ ერთი გატაცება, კოლექციონერობა იყო. მისი თქმით, იგი ღრმად მოხუცებულიც კი სხვადასხვა მსოფლიო დონის შედევრებით კოლექციის გამდიდრებას არ წყვეტდა, რომელიც შემდეგ თელავის ისტორიულ მუზეუმს უსახსოვრა.

 ,,ქეთევან იაშვილი წლების მანძილზე აგროვებდა ფერწერულ ტილოებს და ბოლოს იგი გახდა ბრწყინვალე კოლექციის მფლობელი, რომელიც უსასყიდლოდ გადმოსცა თავის მშობლიურ ქალაქს. მას თბილისში თავის ბინაში კოსმეტოლოგიური კაბინეტი ჰქონდა გახსნილი და იქ მუშაობის პერიოდში მოგროვებული დანაზოგით იძენდა უნიკალურ ნივთებს. მას ბედნიერი ცხოვრება არ ჰქონია. იგი პირველად თელაველ კაცზე, გვარად თარხნიშვილზე იყო გათხოვილი. მეუღლე მალევე გარდაეცვალა. შემდეგ გათხოვდა თბილისში და ცოლად გაჰყვა მოხეტიალე თეატრალური დასის წევრს, ნიკოლოზ კაზიევს, რომელიც მასავით კოლექციონერი იყო. ქეთევან იაშვილს შვილი არ ეყოლა, მეორედ გათხოვების შემდეგ იშვილა გოგონა, რომელიც ადრეულ ასაკში გარდაეცვალა. 1963 წელს ის გახდა თელავის საპატიო მოქალაქე. იაშვილი 1980 წელს  თბილისში, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის თავისი ანდერძის თანახმად, დაკრძალულია თელავის მუზეუმის ეზოში. მე მას პირადად ვიცნობდი და ამით ბედნიერი ვარ’’, -განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა.

იაშვილის კოლექციაში მრავლად არის XVII-XVIII-XIX საუკუნეების დასავლეთ ევროპელ მხატვართა ნაწარმოებები,  XIX- XX საუკუნეების რუსული სკოლის წარმომადგენლების და XIX- XX საუკუნეების ქართული და უცხოური ქვეყნების ფერწერის ნიმუშები. კოლექციაში დაცულია 187-მდე  რუსული, ჰოლანდიური, გერმანული და ფრანგული საუკეთესო ფერწერის ნიმუშები და ასევე ქართული სამხატვრო ხელოვნების ელენე ახვლედიანის, გუდიაშვილის და სხვა ლეგენდარული მხატვრების ნამუშევრები.  2012 წელს ქალაქ თელავის რეაბილიტაციის ფარგლებში ქეთევან იაშვილის სახელობის გალერეის შენობა დაინგრა და ექსპონატები ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ დარჩა. როგორც თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორი, გურამ ურჩუხიშვილი აცხადებს, ექსპონატები უკვე წლებია თელავის #1 საჯარო სკოლაში ინახება.

,,ექსპონატები ყველანაირი სტანდარტების დაცვით არის შენახული. ეს არის დროებითდ საცავი. თითოეულ ექსპონატს ვუვლით, ვუფრთხილდებით და როგორც კი დამთავრდება ახალი გალერეის მშენებლობა, მოხდება მათი ახალ შენობაში გადატანა. მსგავსი დონის ხელოვნების ნიმუშების ქონა წარმოაჩენს ქალაქს. აქ მცხოვრებლებისთვის არის საამაყო, რომ  სწორედ აქ ინახება ეს საოცარი საუნჯე’,-ამბობს გურამ ურჩუხიშვილი.

თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, ფიქრია ყუშიტაშვილის განცხადებით, 2012 წელს რეაბილიტაციის შედეგად იაშვილის გალერეის შენობა დაინგრა, დაგეგმილია ახალი გალერეის აშენება, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც უკვე მიმდინარეობს.

,,როდესაც მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვა მოხდა თელაველებთან ერთად და თავდაპირველ ვარიანტში იაშვილის გალერეის აშენება არ იყო ცალკე გათვალისწინებული.  მუზეუმის ხელმძღვანელების, იქ მომუშავე ადამიანების, თელაველების და ადგილობრივი თვითმმარველობის აქტიური ჩართულობით, პროექტში შეტანილია მნიშვნლოვანი კორექტივი და გადაწყდა, რომ გალერეა არა დაკონსერვებული სივრცის ფარგლებში არამედ ცალკე, იქ მუზეუმის გალავნის შიგნით აშენდება. ადგილზე სადაც უკვე მიმდინარეობს სამუშაოები, ჩატარებულია შესაბამისი არქეოლოგიური კვლევა. მნიშვნელოვანია, რომ სპეციალურად იგება შენობა,  სადაც იაშვილის კოლექცია იქნება წარმოდგენილი. ჩვენი აზრით, ამ ნამუშერებს ბევრი დამთვალიერებელი ეყოლება, რადგან ის არის ხელთუქმნელი ძეგლი ამ ქალბატონის ხსოვნისა და საუკეთესო მაგალითი მომავალი თაობებისთვის თუ როგორ უნდა იცხოვრონ და შემდეგ განაგრძონ სიცოცხლე გარდაცვალების შემდეგაც,’’-განაცხადა ფიქრია ყუშიტაშვილმა.

თელავის გენდერის მედია ცენტრის დირექტორი, მაია მამულაშვილი ამბობს, რომ ქეთევან იაშვილმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა თელავის კულტურული ცხოვრების განვითარებაზე. მისი თქმით, იაშვილი  იყო პირველი ქალი, რომელმაც შეძლო იმ ძალიან რთულ პერიოდში ახალი პროფესია შეიძინა და საკუთარი საქმიდან მიღებული შემოსავლით ბრწყინვალე კოლექცია შეკრიბა, რაც მშობლიურ ქალაქს გადასცა.

,,ქეთევან იაშვილი იყო ქალი, რომელმაც რამდენიმე ათეული წლის წინ ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქალაქის კულტურული ცხოვრების განვითარებაზე. მან შეძლო და მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა იმას, რომ შეექმნა ეს ძალიან განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი კოლექცია. მე არ მეგულება სხვა ქალი კახეთის რეგიონში, რომელმაც ხელი შეუწყო ხელოვნებისა და კულტურის განვითარებას და იმ თანადროული ნამუშევრების შეგროვებას. ქეთევან იაშვილი, ფაქტობრივად იყო მეცენატი, ადამიანი რომელიც მაშინ დროს უსწრებდა. ის იყო პროგრესული ადამიანი. პროფესიაც კი ისეთი აირჩია, რაც ფაქტობრივად მაშინ საერთოდ არ არსებობდა. ის იყო პირველი კოსმეტოლოგი ქალი რომელმაც ამ პროფესიით მუშაობა დაიწყო. რაც მნიშვნელოვანია, ეს თავისი პროფესიონალიზმი და  მინიმალური შემოსავალი რაც მას გააჩნდა, ჩადო ამ მნიშვნელოვან საქმეში.’’