ახალი ამბები

საგარეჯოს შუალედური არჩევნების საქმეზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურაში knews.ge-ს განუცხადეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

ირაკლი შოთაძის უწყების ცნობით, გამოძიების დაწყების საფუძველი არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს” მიმართვა გახდა. გუშინ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პროკურატურას საპარლამენტო უმრავლესობის წევრის და ფრაქცია “მრეწველების” თავმჯდომარის, გოგი თოფაძის განცხადებაზე რეაგირება მოსთხოვა. ეკა გიგაურის განცხადებით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, დეპუტატის ბრალდება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ცილისწამება იყო თუ რეალობას შეესაბამებოდა.

„კონკრეტული პირი კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულზე საუბრობს. ის არ არის ჩვეულებრივი პირი, ის არის ფრაქციის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრი. ჩვენ ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი გამოიძიოს საქართველოს პროკურატურამ,“- განაცხადა ეკა გიგაურმა.

11 თებერვალს გოგი თოფაძემ განცხადა, რომ თინათინ ხიდაშელმა, 2015 წლის 31 ოქტომბერს, საგარეჯოს შუალედური არჩევნები გააყალბა და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც არსებობდა.