ახალი ამბები

კახეთის სოფლებში გაზიფიცირებას ითხოვენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის მოსახლეობის განცხადებით, გაზიფიცირების შესახებ დაპირება არაერთხელ მიიღეს, თუმცა ამ დრომდე ბუნებრივი აირის გარეშე არიან დარჩენილები. ისინი ხელისუფლებას აღნიშნული პრობლემის დროულად მოგვარებას სთხოვენ. 
,,სულ იძახიან სოფელში გაზი უნდა შემოვიყვანოთო, მაგრამ ვეღარ დაადგა საშველი. წლებია, რაც ეს პრობლემა გვაქვს და არავინ გვაქცევს ყურადღებას. თხევად გაზს ვყიდულობთ ,,ბალონებით”, რომელიც ორმაგი თანხა გვიჯდება. იმედია ახლა მაინც შეასრულებენ დაპირებას და შემოიყვანენ ბუნებრივ აირს”,- განუცხადა knews.ge-ს სოფელ ვაჩნაძიანის მკვიდრმა ლერი მამიაშვილმა.
საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა პროექტი, რომლის ფარგლებშიც 60-ზე მეტი სოფელში გაზიფიცირების პრობლემა მოგვარდება. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, გაზიფიცირების სამუშაოები წელს დაიწყება და სამუშაოების ჩასატარებლად 2016 წლის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი დაიხარჯება.
,,საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კახეთის რეგიონის 18 სოფელში გაზიფიცირება განხორციელდება. სამუშაოები განხორციელდება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბაყილოვანში, საკობიანოში, ყვარელწყალში, დედისფერულში, ქორეთში, დუისში, წინუბანში, ჯოყოლოში, ბირკიანში, ხორბალოში, ზემო ხალაწანში, შუა ხალაწანში, ქვემო ხალაწანში, დუმასტურსა და ომალოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში: კალაურსა და ვაჩნაძიანში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანში. 2014-2015 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 40 მილიონი ლარი დაახლოებით 52 000 აბონენტის გაზიფიცირების მიზნით”,- განაცხადეს ენერგეტიკის სამინისტროში.