ახალი ამბები

კახეთის ტყეებში ბზის კორომების შესწავლა გაზაფხულიდან დაიწყება

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) კახეთის რეგიონული კოორდინატორის, კახაბერ სუხიტაშვილის განცხადებით, დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილში კოლხური ბზის დაზიანების გამო კახეთის პოპულაციის კონსერვაციული მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. მისივე თქმით, კახეთში კოლხური ბზის კორომების სრულად გამოვლენა, მათი შეფასება და დაცვის ღონისძიებების დასახვა ძალიან მნიშვნელოვანია. 
,,კახეთის რეგიონის ტყეები მდიდარია რელიქტური და იშვიათი სახეობებით. მათ შორის არის კოლხური ბზაც. რეგიონში არსებობს კოლხური ბზის რამდენიმე ცნობილი კორომი: ქალაქ ყვარლის მიდამოებში ბზათგორაზე, ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე, სტორისა და ილტოს ხეობებში. არის ვარაუდი, რომ კოლხური ბზა, ასევე, გავრცელებულია მდინარე ალაზნის სათავეებში, სტორის ხეობის სიღრმეში, მდინარე კისისხევის ხეობაში (ცივ-გომბორის ქედი) და სხვა. ჩვენ გვინდა, ჩავატაროთ ბზის კორომების შესწავლისა და მისი ადგილსამყოფელის გამოვლენის სამუშაოები, რომელიც, სავარაუდოდ, გაზაფხულზე დაიწყება”,- განუცხადა knews.ge-ს კახაბერ სუხიტაშვილმა.
პროექტს “ტყეების მდგრადი მართვა საქართველოში-II ფაზის ფარგლებში” ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN). პროექტის მხარდამჭერია ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC).