ახალი ამბები

1 თებერვალს სასწავლო პროცესი კახეთის ყველა საჯარო სკოლაში აღდგება

 თამარ სანიკიძის უწყებაში აცხადებენ, რომ რიგ სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის ვადის გაგრძელების აუცილებლობა აღარ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ კახეთის რეგიონის 31 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით შეწყვეტილია. 18 სკოლის შემთხვევაში მიზეზი დიდთოვლობა გახდა, ხოლო ყვარლის რაიონის ექვს და ახმეტის მუნიციპაიტეტის შვიდ საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა გრიპის ვირუსის საყოველთაო გავრცელების გამო შეჩერდა.
,,იმ სკოლებში სადაც სასწავლო პროცესი შეჩერდა, გაცდენილი საათები შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება”, – განაცხადეს სამინისტროში.
ამ დროისთვის კახეთში სწავლა შეწყვეტილია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურის, ახმეტის რაიონის სოფლების ყვარელწყლის, მატნის N1 და N2, ქალაქ ახმეტის N3, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის, გურჯაანის სოფლების ჭანდრის, ბაკურციხის, ჩალაუბნისა და არაშენდის, დედოფლისწყაროს N3, სოფლების ოზაანის, ზემო მაჩხაანისა და ფიროსმანის, საგარეჯოს #3, სოფლების კაკაბეთის, თოხლიაურისა და მანავის საჯარო სკოლებში.