ახალი ამბები

თელავის მერია ქალაქის გამწვანების სამუშაოებს გაზაფხულზე დაიწყებს

თელავის მერის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა ქალაქში ყვავილნარების, მწვანე ზოლების მოწყობასა და სხვა დაგეგმილ ღონისძიებებზე დაიხარჯება. ,,ქალაქის ცენტრალური ნაწილის გამწვანება-კეთილმოწყობის ღონისძიებებსა და სამუშაოებზე მერიამ 60 ათასი ლარი გამოყო . 20 ათასი ლარი გათვალისწინებულია ახალი ნარგავებისთვის. პირველ ეტაპზე ვგეგმავთ, რომ მოეწყოს ქალაქის ცენტრალური ნაწილი, გზები”, – განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.
თელაველები აცხადებენ, რომ გამწვანება ქალაქის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რომლის მოსაგვარებლად ადგილობრივმა ხელისუფლებამ კონკრეტული ქმედითი ღონისძიებები უნდა განახორციელოს. ,,თელავში ქალაქის გამწვანებას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. აგერ გასულ წელს ,,გიგოს გორაზე“ მოჭრეს ხეები იმის გამო, რომ ტყის მასივი რამდენიმე წლის მომხდარი სტიქიის შედეგად გახმა. მასაც სჭირდება აღდგენა და ახლით ჩანაცვლება. კარგი იქნება, თუ ქალაქის ქუჩებსა და ბორდიურებს ნარგავებით დატვირთავენ ან მწვანე ზოლებს გააშენებენ, ოღონდ აუცილებლად უნდა იყოს კონტროლი, რომ არ დააზიანონ ნარგავები”, – განუცხადა knews.ge-ს ნუნუკა ჩალათაშვილმა.