ახალი ამბები

გუბერნატორების ადმინისტრაციებში 2015 წელს პრემიის და სახელფასო დანამატის სახით 1 114 928.69 ლარი გაიცა

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გასულ წელს სამხარეო ადმინისტრაციებში პრემია და სახელფასო დანამატი 1 114 928.69 ლარის ოდენობით გასცეს. გუბერნიებში გაცემული პრემია 463 817.5 ლარს შეადგენს, ხოლო სახელფასო დანამატი კი 680 111.19 ლარს უტოლდება.

„თანამდებობის პირზე, საჯარო მოხელეზე პრემიის ან სახელფასო დანამატის გაცემამდე უნდა იყოს შეფასებული პიროვნების მიერ შესრულებული სამუშაო. თითოეულ მოხელეზე უნდა იყოს დასაბუთება, რისთვის იღებს ის პრემიას. დასაბუთებაში აუცილებლად უნდა იყოს განმარტებული, რომ რიგითმა მოქალაქემ რა სარგებელი მიიღო, რათა კონკრეტულმასაჯარო პირმა აიღოს პრემია ან დანამატი“, – განუცხადა Knews.ge-ს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელმა არჩილ თოდუამ. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით, წინა წელს კახეთის გუბერნიაში პრემიის და დანამატის სახით 75 495 ლარი გაიცა.

მათივე ინფორმაციით, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ცალკეული თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატი გაიცა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის. გასულ წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა, 63 960 ლარის ოდენობით, რაჭა-ლეჩუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიცა. 2015 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სახელფაო დანამატზე, ყველაზე დიდი თანხა, 167 712.26 ლარი დაიხარჯა.