ახალი ამბები

თელავის უნივერსიტეტი პანკისის ხეობისათვის საგანმანათლებლო პროგრამებს დაიწყებს

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის, გიორგი კვესიტაძის შეფასებით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავისი სამეცნიერო და კვლევითი პოტენციალით, პანკისის ხეობის პრობლემის გადაწყვეტის საქმეში, საგანმანათლებლო და სამეცნიერო კუთხით, ქვეყნის საიმედო დასაყრდენი იქნება. 
„პანკისის ხეობის თემატიკის შესწავლაში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტივობა ნამდვილ შემობრუნებად უნდა შეფასდეს. თავად უნივერსიტეტს ხეობასთან ურთიერთობის საკმაო აქტიური ტრადიცია აქვს. თანამედროვე, მსხვილი საკვლევი ცენტრის შესაქმნელად მიდგომა იმდენად მაღალპროფესიული და სახელმწიფოებრივი გამოდგა, რომ დამატებითი რესურსის ძებნა საჭიროდ აღარ ჩაითვალა. უნივერსიტეტმა სწრაფად მოახდინა ადაპტირება და საკუთარი რესურსით უნიკალური სტრუქტურა – კავკასიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი შექმნა. ასე რომ სახელმწიფოებრივი და ერთიანი კავკასიური პრობლემებისადმი ჯანსაღი მიდგომიდან გამომდინარე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნული პრობლემების შემსწავლელი კომისია საუკეთესო პარტნიორები არიან“, – წერს გიორგი კვესიტაძე გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში”, – გამოქვყნებულ სტატიაში. 
კავკასიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გასულ წლის ნოემბერში ჩამოყალიბდა და საქმიანობას 2016 წლიდან დაიწყებს. ცენტრის დაფუძნება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ეროვნული პრობლემების შემსწავლელი კომისიის შექმნამ განაპირობა. კომისია, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნტარესის ილია II-ს ინიციატივით შეიქმნა, გამოჩენილი მეცნიერებითა და საზოგადო მოღვაწეებითაა დაკომპლექტებული. კომისიის ერთ-ერთი წევრი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი, ზაურ გუმაშვილია.