ახალი ამბები

თელავში განათლებისა და დასაქმების გამოფენა მეორედ გაიმართება

გამოფენა რეგიონში ახალგაზრდების განათლებისა და დასაქმების გაძლიერების მიზნით პირველად გასული წლის  თებარვალში, თელავში, ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს რეგიონში მოქმედმა დამსაქმებელმა და საგანმანათლებლო ორგანიზაციებმა. გამოფენას საერთო ჯამში, 5000 მდე ახალგაზრდა დაესწრო.

განათლების გამოფენა „მომავალი შენია“ ამჯერად არეალს აფართოვებს და კახეთის რეგიონის თითქმის ყველა საგანმანათლებლო და ბიზნეს ორგანიზაციას მოიწვევს. გამოფენის საორგანიზაციო ჯგუფი  პარტნიორებსა და პოტენციურ დონორებს შეხვდა. პრეზენტაცია განათლების სამინისტროში გაიმართა. ღონისძიებას სახელმწიფო ინსტიტუციებთან ერთად საქართველოს საინვესტიციო ფონდის, გერმანიის თანამშრომლობის ფონდისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 ღონისძიება ბიბერახი-თელავის პარტნიორობის კომიტეტის ინიციატივით იმართება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონის ადამიანური რესურსების გაძლიერებას და „ტვინების  გადინების“ შეჩერებას, რაც აფერხებს მხარის სოციალურ და კულტურულ განვითარებას.

ფონდის წარმომადგენლის, დანიელ ბირკენმაიერის თქმით, გამოფენა ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონის მდგრად განვითარებას და დახმარებას გაუწევს ახალგაზრდებს მიიღონ  განათლება და დასაქმდნენ ადგილზე.