ახალი ამბები

განათლების ხარისხის ცენტრმა თესაუს ყოფილი რექტორის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

ცენტრმა საჩივარი სააპელაციო სასამართლოში 12 იანვარს შეიტანა. უწყებაში knews.ge-ს განუცხადეს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლო გადაწყვეტილება გამოიტანა. 
„ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიგვაჩნია, რომ ის არის დაუსაბუთებელი. ამ მოტივით ჩვენ გავასაჩივრეთ თბილსის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შემდგომ ინსტანციაში. სააპელაციო საჩივარში მთელი რიგი საკითხები განვიხილეთ“, – განუცხადა Knews.ge-ს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დავების სამმართველოს უფროსმა მარიამ ზაუტაშვილმა. 
თბილისის საქალაქო სასამართლომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის ავთანდილ ღელაღუტაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 8 ოქტომბერს გამოაცხადა. სასამართლომ ბათილად სცნო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2014 წლის 17 და 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თესაუს ექსრექტორის დოქტორის დიპლომის ნამდვილობა დადგა ეჭვქვეშ. ღელაღუტაშვილი სასამართლოსგან, ასევე, ითხოვდა რექტორის პოსტზე და პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე აღდგენას, პროფესორის ხელფასის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ბრძანების გაუქმებას, რომლის მიხედვითაც ის რექტორის რეგისტრაციიდან მოიხსნა და მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. სასამართლომ მოსარჩელის ეს მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.
2014 წლის 15 დეკემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყვიტა. რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტა ავთანდილ ღელაღუტაშვილის მიერ 2009 წელს მიღებული დოქტორის ხარისხის შემოწმებისას საგანმანათლებლო დოკუმენტების სანდოობის შეუსაბამობამ გამოიწვია. უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, უმაღლესი სასწავლებლის რექტორს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული პირის ხარისხი უნდა ჰქონდეს.