ახალი ამბები

დაჭრილი პოლიციელის დასახმარებლად თელავში ექიმთა ჯგუფი ჩავიდა

უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაკავებულია 19 წლის სანდრო მეტრეველი, ნივთმტკიცებად კი ამოღებულია სანადირო თოფი. მისივე ინფორმაციით, დაკავებულმა, რომელიც პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს, სამართალდამცავების მისამართით გასროლა არა პოლიციის ეზოდან, არამედ საკუთარი სახლის ეზოდან მოახდინა. დაჭრილ პოლიციელის, მაია ჯავახიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მძიმეა. 
,,თელავში, რუსთაველის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს შენობის მოსაზღვრედ მცხოვრებმა სანდრო მ.-მ თავისივე ეზოს ღობიდან სამმართველოს ეზოში გასულ ინსპექტორს, სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების თანამშრომელს მაია ჯავახიშვილს სანადირო თოფიდან ესროლა და დაჭრა. ბრალდებულმა, ასევე, ერთი გასროლა განახორციელა დაჭრილი თანამშრომლის დასახმარებლად მისული პოლიციის კაპიტნის გელა ლამაზოშვილის მისამართით. მიღებული ჭრილობის შედეგად, გელა ლამაზოშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაჭრილი ინსპექტორის, მაია ჯავახიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. სამართალდამცველებმა სანდრო მ. შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ბრალდებულის პაპის სახელზე რეგისტრირებული სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლებით)”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 
არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილს, რომელიც თელავის მკვიდრია, ფსიქიკური პრობლემები აქვს.