სასამართლომ ახმეტის გამგებლისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებები გააუქმა

მოსამართლე ნინო კორძაძემ ადმინისტრაციული საქმის განხილვა მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ გადაწყვიტა. მოსარჩელე ალექსი ჯუგაშვილი ითხოვდა გამგეობაში ჩატარებული ატესტაციის შედეგების (კომისიის სხდომის ოქმის) და ამ ოქმის საფუძველზე მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ბრძანების ბათილად ცნობას, ასევე სამუშაოზე აღდგენასა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურებას.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოხელეთა ატესტაცია 2015 წლის მარტსა და აპრილში ჩატარდა, ტესტირების ეტაპზე ჯუგაშვილმა მაქსიმალური 60 ქულიდან 54 მიიღო. საჯარო მოხელეებთან გასაუბრება საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ ჩაატრა. მოსარჩელე ჯუგაშვილის ადვოკატის, არასამთავრობო ორგანიზაციის “ხალხის ხმა ხელისუფლებას” თავმჯდომარის, გელა შაშიაშვილის განმარტებით, კომისიამ განსაზღვრა შეფასების 5-ბალიანი სისტემა და წინასწარ შემუშავებული წესის მიხედვით კონკურსანტის მიერ მიღებული შეფასება 3 დამაკმაყოფილებლად ჩაითვლებოდა. 
მისივე თქმით, გასაუბრების შედეგების მიხედვით, ჯუგაშვილის საბოლოო საშუალო შეფასება იყო 3,4 და ამის მიუხედავად, კომისიამ მიიღო ტენდენციური და დისკრიმინაციული დასკვნა, რომ ის არ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას.
,,კომისიის ეს დაუსაბუთებელი რეკომენდაცია მუნიციპალიტეტის გამგებელმა უპირობოდ დააკმაყოფილა და გამოსცა ბრძანება ალექსი ჯუგაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ამის გამო ჯუგაშვილმა სასამართლოს მიმართა სარჩელით და თავისი დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვა. სარჩელის მომზადებისა და საქმის არსებითად განხილვის პროცესში მოსარჩელის სამართლებრივ დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ხალხის ხმა ხელისუფლებას“ ახორციელებდა”, – განუცხადა Knews.ge-ს გელა შაშიაშვილმა.

საქმის განხილვის პროცესში დადასტურდა, რომ როგორც კომისიის, ისე მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ შეესაბამებოდა საჯარო სამსახურში ატესტაციის ჩატარების კანონმდებლობით განსაზღვრულ წესებსა თუ პრინციპებს. შესაბამისად, სასამართლომ ბათილად ცნო საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნა (სხდომის ოქმი) და მუნიციპალიტეტის გამგებლის ზემოაღნიშნული ბრძანება, როგორც უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. ამასთან, მოპასუხე მხარეს დაევალა – სრულყოფილად და ობიექტურად განიხილოს გასაუბრების შედეგები და მიიღოს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.