სტატიები

რატომ დაუპირისპირდა თელავის გამგეობა ტელეკომპანია ,,გურჯაანს’’

უწყებაში მომუშავე თანამშრომლების გაღიზიანება ტელეკომპანია ,,გურჯაანის’’ ჟურნალისტ გიორგი ბაღანაშვილის მიერ მომზადებულმა სიუჟეტმა გამოიწვა სათაურით – ,,რაში დაიხარჯება თელავის მუნიციპალიტეტის 6 მილიონნახევრიანი ბიუჯეტი?’’. მომზადებულ სიუჟეტში ჟურნალისტი თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტსა და დოკუმენტზე სხვადასხვა პირების მხრიდან წამოსულ კრიტიკაზე საუბრობს. სიუჟეტში ნათქვამია, რომ 6 მილიონზე მეტი თანხიდან 186 ათასი პრემიებისთვის დაიხარჯება, ეს კი იმ ფონზე ხდება, როცა თელავის სოფლებში მძიმე სოციალურ-ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ჩივიან.
გამგეობის თანამშრომლების გაღიზიანება ერთ-ერთი ადგილობრივის, სოფელ აკურაში მცხოვრები ეთერ მამუჩარაშვილის, ინტერვიუმაც გამოიწვია. მამუჩარაშვილი ტელეკომპანია ,,გურჯაანთან’’ არსებულ პრობლემებზე და გამგეობის მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობდა: ,,უპატრონო სოფელი გვაქვს, არც წყალი და გაზი არ გვაქვს,’’- ამბობდა ,,გურჯაანთან’’ საუბრისას ეთერ მანუჩარაშვილი, თუმცა მოგვიანებით მასთან ვიდეოს ჩასაწერად მისულ გამგეობის თანამშრომლებთან განაცხადა, რომ ჟურნალისტმა, რომელიც მისი ახლობელია, აიძულა პრობლემებზე ელაპარაკა.
,,ბავშვი ხომ არ ვარ, ეგ არ უნდა გამეკეთებინა. წინასწარ რომ მცოდნოდა რა უნდოდათ, არ ვიტყოდი არაფერს, ვისაუბრებდი იმაზე, რა პრობლემაც მაქვს. ძალით მათქმევინა ჟურნალისტმა, ახლობელი რომ იყო, ვერაფერი ვუთხარი და ხათრით ვილაპარაკე. მე არა ვარ ამ მთავრობოს უკმაყოფილო, გაზიც მაქვს და წყალიც,’’- განაცხადა გამგეობის თანამშრომლებთან ეთერ მანუჩარაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ სიუჟეტი, რომელიც უწყების პრესსამსახურმა მოამზადა ტელეკომპანია ,,გურჯაანს’’ გაუგზავნეს ეთერში გასაშვებად, თუმცა უარი მიიღეს. გამგებელ ალექსანდრე შათირიშვილის თქმით, იმის გამო, რომ სიუჟეტში სოფლის დასახელება და ქალბატონის ვინაობა მითითებული არ იყო, დაინტერესდა, სად იყო აღნიშნული პრობლემები. შათირიშვილის განმარტებით, მან სოფელში წარმომადგენელს სიტუაციის გარკვევა სთხოვა, ხოლო, როცა შეიტყო, რომ ქალბატონი ჟურნალისტს ზეწოლაში ადანაშაულებდა, პრესსამსახურს ვიდეოს გადაღება დაავალა.
,,გურჯაანის ტელევიზიამ გაუშვა სიუჟეტი სოფლებიდან: აკურიდან, კისისხევსა და ნასამხრალიდან, სადაც ჩაწერეს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ლაპარაკობენ, რომ სოფელში არაფერი კეთდება. დავინტერესდი, სად გვქონდა ასეთი სოფელი და სად იყო პრობლემა. სოფელ ნასამხრალში მცხოვრები ერთი ქალბატონი იყო ჩაწერილი, ის ამბობდა, რომ წყალი და ბუნებრივი აირი არ ჰქონდა. მე დავავალე სოფელში ჩემს წარმომადგენელს, რომ სიტუაცია გაერკვია. როცა ის მივიდა, ქალბატონმა უთხრა, რომ ტელეკომპნია ,,გურჯაანის’’ ჟურნალისტი მისი ახლობელი იყო და სთხოვა პრობლემებზე ესაუბრა, თუმცა, რეალურად, მას არაფერი აწუხებდა. მე ჩემს პრესსამსახურს დავავალე, წასულიყო და ქალბატონთან ინტერვიუ ჩაეწერა. ვიდეოში მან გვითხრა, რომ ჟურნალისტი ზეწოლას ახდენდა მასზე. ეს ვიდეო გადავუგზავნეთ ტელეკომპანიას და ვთხოვეთ, გაეშვათ ეთერში, რაზედაც უარი მივიღეთ, ამიტომ ავტვირთეთ ჩვენს ოფიციალურ გვერდზე,’’- განაცხადა შათირიშვილმა.
გამგეობის მხრიდან რესპონდენტების გადამოწმებას უარყოფითად აფასებენ რეგიონში მომუშავე ჟურნალისტები. მათი თქმით, ეს უწყების მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლაა. ტელეკომპანია ,,გურჯაანში’’ კი, ფიქრობენ, რომ მსგავსი საქციელით გამგეობა მოსახლეობას თავისუფალი აზრის გამოთქმას უზღუდავს.
,,ტელეკომპანია გურჯაანის საინფორმაციო გამოშვება არის მიუკერძოებელი, დაბალანსებული და თავისუფალი ნებისმიერი გავლენისგან. ჩვენ აქტიურად ვაშუქებთ, როგორც კახეთის სოფლების პრობლემებს, ასევე, იმ პროექტებს, რაც კეთდება. ჩვენი ჟურნალისტები, მარტივი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ხშირად ატარებენ გამოკითხვებს. ერთ-ერთი ასეთი გამოკითხვა ტელეკომპანიის ჟურნალისტმა, გიორგი ბაღანაშვილმა თელავის სოფლებში ჩაატარა. თუ თელავის გამგეობას ჩვენი ეს სიუჟეტი არ მოეწონა, საერთოდ არ გვაინტერესებს. არ ვაპირებთ ადგილობრივ ხელისუფლებას განვუმარტოთ, რა როგორ მოვამზადეთ. გამგეობის პრესამსახურის ეს საქციელი უბრალოდ კარგად ამტკიცებს, რომ ისინი ადამიანებს თავისუფალი აზრის გამოთქმას უზღუდავენ. სახლში აკითხავენ და მერე ისეთ ინტერვიუებს აქვეყნებენ, გაგეღიმება. ეს პიარი კი არა, საკუთარი თავის ანტიპიარია. ჯობია, გამგეობამ თელავის თემის ეს გვერდი უფრო მნიშვნელოვანი საქმისთვის გამოიყენოს,’’- განაცხადა ტელეკომპანია ,,გურჯაანის’’ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო სამნიაშვილმა.
სამნიაშვილის თქმით, აღნიშნულ სიუჟეტში, მანუჩარაშვილის გარდა, სოფლებში არსებულ პრობლემებზე სხვა ადგილობრივებიც საუბრობდნენ, თუმცა გამგეობის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ისინი ამბობდნენ, რომ პრობლემა არ აქვთ. ტელეკომპანია ,,გურჯაანის’’ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მათ გამგეობის მიერ გავრცელებული ვიდეოს პასუხად თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ვრცელი სიუჟეტი მოამზადეს, სადაც ნათლად ჩანდა არსებული ვითარება და შექმნილი პრობლემები.
,,რაც შეეხება, ჩვენს მეორე სიუჟეტს, ,,პასუხის პასუხი თელავის გამეგობას „ – აქ შევეცადეთ გვეჩვენებინა, როგორ იხარჯება სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხა. რეპსონდენტებმა ჩვენგან გაიგეს, რაში დაიხარჯა ნასამხრალში 14 ათასი ლარი. გამოკითხულთა უმეტესობა ამბობდა, რომ მათთვის აზრი არავის უკითხავს, სოფელში რისი გაკეთება სურდათ.’’
ტელეკომპანია ,,გურჯაანს’’ გამგეობაში პასუხობენ. მათი თქმით, სოფელში პრობლემები ბევრია, თუმცა მის მოგვარებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელ ალექსანდრე შათირიშვილის თქმით, როცა ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, სოფლები განადგურებული იყო, თუმცა მათი მუშაობით ბევრგან მოსახლეობას პრობლემები მოუგვარეს.
,,სოფლებში პრობლემებს რა გამოლევს, მაგრამ მის მოგვარებაზე ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ. 2014-2015 წლებში სოფელ ნასამხრალში განხორციელდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები: სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოხდა შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, შიდა საუბნო განათების მოწყობა, სასმელი წყლის სათავე მილსადენის დამატება, საუბნო გზების მოხრეშვა და სანიაღვრე არხების გაწმენდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სამივე სოფელში განთავსდა ნაგვის ბუნკერები, სპეციალური ნაგავმზიდს კი, რეგულარულად გააქვს ნაგავი გულგულის ნაგავსაყრელზე, ასევე, მოეწყო გარე-განათება და გასუფთავდა სტიქიური ნაგავსაყრელები. ერთ წელში განა რამდენი საქმე შეიძლება გაკეთდეს?’’-განაცხადა შათირიშვილმა.