სტატიები

თელავის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაობის შესრულებისათვის მუშები ხელფასებს ვერ იღებენ

მათი თქმით, სამუშაოების დასრულებიდან სამი თვის შემდეგაც კომპანიის ხელმძღვანელობა მათ თანხას არ აძლევთ. მუშები ამბობენ, რომ იმ შემთხევაში, თუ ხელფასებს არ მიიღებენ, პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ.
ქალაქ თელავის მერიაში აცხადებენ, რომ #2, 6, 9 და #7 ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდიდან განხორციელდა, სამუშაოები კი, კომპანია ,,კონვენტ ჯორჯიამ’’ განახორციელა. მუშებისთვის შექმნილ პრობლემაზე მერიაში ინფორმაციას ფლობენ, თუმცა ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ, რომ დავა კომპანიასა და კერძო პირებს შორის მოლაპარაკებების მეშვეობით უნდა მოგვარდეს.
ბაგა-ბაღების რეაბილიტაციაზე მომუშავე მუშების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია კუთვნილ თანხას არ მისცემთ, საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
ვალიკო აჭიანცი თელავის #7 ბაგა-ბაღში სამი თვის განმავლობაში მუშაობდა. მისი თქმით დამქირავებელმა თანხის ნაწილი მისცა, თუმცა, მიუხედავად არაერთი თხოვნისა, კომპანიის ხელმძღვანელობამ ხელფასი ბოლომდე არ აუნაზღაურა.
,,მღებავად ვმუშაობდი, ოთახებს ვაკეთებდი, შევღებეთ და გავასწორეთ კედლები. სამი თვეა 600 ლარი მაქვს ასაღები. მოგვატყუეს, გვითხრეს, მოგცემთო, მაგრამ დღესაც არ აუნაზღაურებიათ. კომპანიის წარმომადგენლებს თბილისში ჩავაკითხეთ, დაგვპირდნენ ჩამოვალთ ორ დღეში და ფულს ჩამოგიტანთო, მაგრამ დღესაც არ მოსულან. იმ შემთხვევაში, თუ არ მოგვცეს დროულად თანხა, მივალთ ბაღებში და რაც გავაკეთეთ, დავანგრევთ,’’- განაცხადა ვალიკო აჭიანციმ.
კომპანიას კუთვნილი თანხა 30-მდე მუშისთვის აქვს გადასახდელი. როგორც მშენებლობაზე დასაქმებულები აცხადებენ, ზოგს 2000 ლარამდე ნამუშევარი აქვს ასაღები. მათი თქმით, უყურადღებობის შემთხვევაში კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავენ.
-,,#7 ბაღში 6 თვის მანძილზე ვმუშაობდი. თავიდან მოგვცეს ცოტა ხელფასი, მაგრამ ბოლო თვეებში ნამუშევარი არ აგვინაზღაურეს. 600 ლარი მაქვს ასაღები, სამი თვეა გვატყუებენ, მოგცემთო, მაგრამ არ მოუციათ. ჩემთან ერთად 30–მდე პირი მუშაობდა, ზოგს 2000 ლარი აქვს ასაღები. მივაკითხეთ კომპანიას და ბევრჯერ ტელეფონზეც დავურეკეთ. 20 მდე მუშა ვიყავით თბილისშიც ჩასული და დაველაპარაკეთ კომპანიის წარმომადგენლებს. გვითხრეს მოგცემთო ფულს და ველოდებით. იმ შემთხვევაში, თუ არ დაგვირიგებენ კუთვნილ თანხას, სასამართლოში ვუჩივლებთ,’’-განუცხადა knews.ge-ს თამაზ ჩალათაშვილმა.
კომპანია ,,კონვენტ ჯორჯიაში’’ აცხადებენ, რომ მუშებს ხელფასებს ახალ წლამდე დაურიგებენ. კომპანიის შესყიდვების მენეჯერ ნიკა ხაჩიძის თქმით, თანხის ანაზღაურების პრობლემა სხვადასხვა მიზეზების გამო შეიქმნა. მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი გაკეთებული სამუშაოების ექსპერტიზის ჩატარების დაგვიანებაა.
-,,მე მუშებს შევხვდი, მათი ზოგიერთი წარმომადგენელი ჩვენთან ოფისშიც იყო მოსული. დავპირდით, რომ ნამუშევარ თანხას ისინი ახალ წლამდე მიიღებენ. ამ ბაღების რეაბილიტაციაზე მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯა. მუშების ხელფასის გაცემა კი , დაგვიანდა, რომ, როცა სამუშაოები სრულდება, მას სჭირდება ექსპერტიზის ჩატარება, რომ გაირკვეს, რამდენად კარგად შესრულდა საქმე. ექსპერტიზის ჩატარებაც გარკვეული მიზეზების გამო დაგვიანდა. გარდა ამისა, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას 150 000 ლარი გადმოსარიცხი აქვს ჩვენთვის. იმ ექსპერტის ჩასვლასაც აღარ დაველოდებით და ყველას ავუნაზღაურებთ კუთვნილ თანხას,’’-განუცხადა knews.ge-ს ნიკა ხაჩიძემ.