ახალი ამბები

თელავში ბავშვთა დაცვის რეგიონული კომიტეტი შეიქმნა

კომიტეტში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმუშავებენ. 
ბავშვთა დაცვის კომიტეტი ორი მიმართულებით, პრობლემების გამოვლენასა და ადგილობრივი რესურსების მობილიზებაზე იმუშავებს.
კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერის, ნანა ათუაშვილის თქმით, კომიტეტის სხდომები გაიმართება გარკვეული პერიოდულობით, რომლის მიზანიც ბავშვთა დაცვის მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა იქნება. 
,,არსებობს გარკვეული ფინანსები ორგანიზაციის შიგნით, რომელიც მოხმარდება ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებს და მის გადაჭრას. ჯგუფის სამუშაო ფუნქცია იქნება ინდივიდუალური შემთხვევების განხილვა და ამ ყველა ინსტიტუციის რესურსის გადანაწილება კონკრეტულ შემთხვევებზე, ასევე მოხდება ზოგადი საკითხების განხილვა, რომელიც შეიძლება იყოს ადვოკატირებისთვის გამიზნული. ყველა ის ინსტიტუცია, რომელიც ჩართულია ამ პროცესში, აიღებს გარკველ პასუხისმგებლობას კონკრეტული შემთხვევის მოგვარებაზე,”– განუცხადა Knews.ge-ს ნანა ათუაშვილმა.
ბავშვთა დაცვის კომიტეტის წევრის, თელავის თემის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის, გიგა მამუკელაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კომიტეტის სხდომაზე წამოჭრილი საკითხის მოგვარება გამგეობის ან საკრებულოს კომპეტენცია იქნება, ის აღნიშნულ პრობლემის გადაჭრას თვითმმართველ ორგანოს მოსთხოვს. 
,,მიხარია, რომ ამ კომიტეტის წევრი ვარ. თუ რაიმე პრობლემები გარკვეული კუთხით შეეხება თვითმმართველობას, აუცილებლად დავაყენებ გამგეობის და საკრებულოს დონეზე მოსაგვარებლად,”- განუცხადა Knews.ge-ს გიგა მამუკელაშვილმა.