ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი 350 000 ლარით გაიზარდა

როგორც გამგეობაში აცხადებენ, მომავალი წლის ბიუჯეტი 350 000 ლარით გაიზრდება. გამგეობის საფინანსო – საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი მიხეილ შაშიაშვილი აცხადებს, რომ იანვრიდან ბიუჯეტს, სავარაუდოდ, 400 ათასი ლარი კიდევ დაემატება. 
,,2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებია თავდაცვა და უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია-ექსპლუატაცია, განათლება, კულტურა, რელიგია, ახალგაზრდების გააქტიურებისა და სპორტის განვითარების ხელშეწყობა, ასევე, ჩვენი მთავარი პრიორიტია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. მომავალ წელს ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა ინფრასტრუქტურის მიმართულებაზე დაიხარჯება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღნიშნული მიმართულება 1 მილიონ 40 ათასი ლარით დაფინანსდება. სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის 2016 წელს დაფინანსება სავარაუდოდ, 400 ათასი ლარით გაიზრდება, რომელიც სოფლებში სააღმზრდელო დაწესებულებების მოწყობას, ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებასა და არსებული პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება. რაც შეეხება განათლებას, აქაც გვაქვს ზრდა. 2015 წელს განათლების კუთხით 1 მილიონ 351 ათასი ლარი დაიხარჯა, მომავალ წელს კი 1 მილიონ 515 300 ლარი დაიხარჯება. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფაზე კი 494 ათასი ლარი დაიხარჯება. გასულ წელთან შედარებით ეს თანხაც გაზრდილია,”- განუცხადა knews.ge-ს მიხეილ შაშიაშვილმა.