ახალი ამბები

უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის – ევროკომისიის ანგარიში

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყანამ ყველა ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები გეგმის ყველა ნაწილში საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია.  ევროკომისია მიაჩნევს, რომ სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის ოთხივე ნაწილში საქართველოს მიერ განხორციელებული პროცედურები შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. შეგახსენებთ, რომ ეს არის ევროკომისიის რიგით მეოთხე ანგარიში საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტი პროცესს დადებითად აფასებს. 
,,დღეიდან ჩვენ წინ გველის ფრიად საპასუხისმგებლო პროცესი, რომელიც ევროკავშირის მიერ იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებით უნდა დაგვირგვინდეს, რომელიც ოფიციალურად გახსნის ევროკავშირის საზღვრებს საქართველოს მოქალაქეებისათვის. ჩვენი ამოცანაა ღირსეულად გავიაროთ ეს პროცესი და ძალისხმევა არ დავიშუროთ დასახული მიზნის მაქსიმალურად მოკლე ვადებში მისაღწევად”, – აცხადებს პრეზიდენტი.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია ჩვენი ქვეყნის სანუკვარი ოცნების ახდენაა. 
,,საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ. ეს ჩვენი ქვეყნის დიდი გამარჯვებაა. ეს არის საქართველოს დიდი აღიარება და ჩვენი სანუკვარი ოცნების სერიოზული ნაწილის ახდენა. დღეს უფრო ევროპელები ვართ, ვიდრე ვიყავით გუშინ. ჩვენ ყოველთვის ასე ვფიქრობდით, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ევროპაც ასე ფიქრობს”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ძალაში შესვლის შემდეგ ვიზალიბერალიზაცია ბიომეტრული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონასა და ოთხ კანდიდატ ქვეყანაში (ბულგარეთში, კვიპროსში, რუმინეთში, ხორვატიაში), 180-დღიან ვადაში, 90 დღით უვიზო მიმოსვლის საშუალებას მისცემს.