ახალი ამბები

ენერგოომბუდსმენის წარმომადგენლად კახეთში გუბერნიის ყოფილი თანამშრომელი დაინიშნა

ენერგოომბუდსმენის სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, მისი წარმომადგენელი რეგიონში აქტიურად დაიწყებს მუშაობას, გაეცნობა ენერგეტიკის სფეროში კახეთში არსებულ პრობლემებს და მოსახლეობას დახმარებას გაუწევს.
,,სოფიო აივაზაშვილი უშუალოდ გაეცნობა კახეთში არსებულ პრობლემებს ენერგეტიკის სფეროში, იქნება იქ, სადაც მომხმარებლებს დასჭირდებათ და შესაბამისად შეისწავლის ზოგად პრობლემატიკას ამ სფეროში. მე ვფიქრობ, რომ წარმომადგენლობა ეს არის პირველ რიგში მომხმარებლისთვის კომფორტი, რომ მას სხვა რეგიონში ან ქალაქში არ მოუწიოს წასვლა და ადგილზე ჰყავდეს გულშემატკივარი. ეს კი ჩვენთვის იქნება საუკეთესო ანალიზის საშუალება, რომ ვიცოდეთ, რომელ რეგიონში რა სახის პრობლემა ფიქსირდება. კახეთში არის პრობლემები მოსაგვარებელი. წლის განმავლობაში ჩვენთან შემოვიდა ძალიან ბევრი ზარი კონკრეტულად ენერგოდისტრიბუციის და წყალმომარაგების მისამართით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრიორიტეტული იქნება სწორედ ეს ორი მიმართულება, უნდა შევისწავლოთ რა სახის პრობლემები გვაქვს. შემოსული ზარების რაოდენობა გვაფიქრებინებს რომ სწორედ აქ არის პრობლემები,”- განუცხადა knews.ge-ს სალომე ვარდიაშვილმა.
ენერგოომბუდსმენის კახეთის რეგიონული ოფისი ფუნქციონირებას გუბერნიის შენობის მესამე სართულზე დაიწყებს. ოფისში იმოქმედებს ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება დარეკვა. კახეთში ენერგოომბუდსმენის წარმომადგენლის სოფიო აივაზაშვილის თქმით, ხვალიდან ყოველდღე მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მივიდნენ და მათთვის საინტერესო ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში კვალიფიციური რჩევა მიიღონ. 
,,პირველ რიგში მნიშვნელოვანია, მოსახლეობას მიეწოდოს ინფორმაცია ენერგოომბუდსმენის საქმიანობის შესახებ, იმიტომ რომ მთავარი პრობლემა დღეს არის ინფორმაციის ნაკლებობა. ამერიდან ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც აქვს პრეტენზია თუ დავა ენერგოკომპანიებთან, შეეძლება უკვე მოგვმართოს განცხადებით და მიიღოს კვალიფიციური რჩევა. გარდა იმისა რომ მოქალაქეებს ტელეფონის საშუალებითაც დავეხმარებით, გვექნება ჩვენი ოფისი ერეკლე მეორეს #16-ში და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოგვმართოს,”– განაცხადა სოფიო აივაზაშვილმა.