ახალი ამბები

თელავში ვალერიან ელანიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პედაგოგები, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ვალერიან ელანიძის განცხადებით, პირველ ეტაპზე დაიბეჭდა წიგნის მხოლოდ 500 ეგზემპლარი, რაც საკმარისი არ არის. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ადგილობრივ თვითმმართველობას წიგნის უფრო დიდი ტირაჟით დასაბეჭდად ფინანსურ დახმარებას სთხოვს.
,,შეხვედრაზე ყველამ აღნიშნა, რომ ეს წიგნი არის საინტერესო და ყველასთვის საჭირო, რომელმაც უფრო მეტი ნათელი მოჰფინა ქალაქ თელავის ისტორიას, ერეკლე მეფის პიროვნებას, მის გვარსა და ამაგს. ასევე აღინიშნა, რომ აუცილებელია წიგნი დიდი ტირაჟით გამოიცეს, რომ ბევრი დაინტერესებული პირი გახდეს მისი მფლობელი. ვთხოვთ ადგილობრივ თითმმართველობას, გუბერნიას, ვისაც შეუძლია ამის დაფინანსება დაგვეხმაროს,”- განუცხადა knews.ge-ს ვალერიან ელანიძემ.
წიგნის პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის წევრი, ანი მიროტაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თელავში ცხოვრობს ასეთი მეცნიერი და მკვლევარი, რომლის მოღვაწეობაც უნდა დაფასდეს.
,,როდესაც ასეთი მეცნიერი და მკვლევარი ჰყავს ქალაქს და ასეთი სახის ღონისძიებები იმართება, ნიშნავს იმას, რომ ქალაქი აფასებს ადამიანებს, მათ ღვაწლს. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი საქმეა არამხოლოდ თელავისთვის, არამედ ყველასთვის რადგან ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია კარგად,”– განუცხადა knews.ge-ს ანი მიროტაძემ.
წიგნის პრეზენტაცია არასამთავრობო ორგანიზაციის “თელავი ჩემი ქალაქია” ინიციატივით ჩატარდა. არასამთავრობო ორგანიზაციამ ვალერიან ელანიძეს ,,თელავის მოამაგის” წოდებაც მიანიჭა. ღონისძიების მიზანს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა წარმოადგენდა.