ახალი ამბები

აკურას ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე ადეიშვილს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ამავე საქმეში წარმოდგენილი მეორე ბრალდებულის სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის მიმართ წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 12 იანვარს ჩანიშნა. “ზურაბ ადეიშვილს და ივანე მერაბიშვილს ბრალი წარედგინათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, 2004 წელს ჩადენილი სისტემური დანაშაულისთვის, მიმართული მოქალაქეებისათვის ქონების იძულებით ჩამოსართმევად, რომელშიც ერთობლივად და წინასწარ შეთანხმებული სქემით მონაწილეობდა იმჟამინდელი სამართალდამცავი ორგანოები და ეროვნული ბანკი, რის შედეგადაც დაზარალებულებს თეიმურაზ მეგრელიშვილს და ნოდარ მოდებაძეს იძულებით ჩამოართვეს თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხანა. საქმეზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი აწარმოებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 დან 5 წლამდე ვადით,” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.