რა იწვევს ქალთა დაბალ აქტივობას არჩევნებზე
ექსპერტები სახელმწიფოს მოუწოდებენ, რომ ქალთა მონაწილეობის გაზრდისათვის სპეციალური პროგრამები დანერგონ. ექსპერტები, რომლებიც წლებია საარჩევნო პროცესებში ქალთა ჩართულობის საკითხებზე მუშაობენ, აცხადებენ, რომ ქვეყანაში საარჩევნო კულტურა დაბალია.
,,ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენლის, მაია გრძელიშვილის ინფორმაციით, 2014 წლის არჩევნებზე 100 000 ქალი ამომრჩეველი არ მივიდა არჩევნებზე, რაც შემაშფოთებელი რიცხვია. მისივე განცხადებით, ამ კუთხით ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშე დგას. მაია გრძელიშვილი ფაქტს ერთი მხრივ ოჯახების მხრიდან არჩევანის შეზღუდვით, ხოლო მეორე მხრივ, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების შემთხვევაში ამას ენობრივი ბარიერებისა და კულტურული თავისებურებებით ხსნის.
,,ქალებთან მუშობის პროცესში იკვეთება, ერთის მხრივ არჩევნებზე მიუსვლელობით მათ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისადმი უნდობლობა გამოხატეს, ხოლო მეორეს მხრივ, ამით ხაზი გაესვა მათი ჩართულობის საჭიროებას. გასათვალისწინებელია რეგიონებსა და სოფლად მცხოვრები ქალების მოუცლელობა, სასოფლოჶსამეურნეო და საოჯახო საქმიანობებით გამო, ასევე ოჯახის მხრიდან მისი არჩევანის შეზღუდვა“.
მაია გრძელიშვილი საარჩევნო კულტურის განვითარებას საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში ხედავს. იგი, არჩევნებზე ქალთა დაბალი აქტივობის გარდა ახალგაზრდების ინერტულობაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ უნდა შეიქმნას ერთიანი სტრატეგია ცალკეული რეგიონების სპეციფიკის გათვალისწინებით.
,,ცენტრალური საარჩევნო კომისია აღნიშნულ საკითხებზე აქტიურად მუშაობს. აშკარაა, რომ პრობლემა არსებობს. ჩემი ინფორმაციით, არა მარტო ქალები, არამედ ახალგაზრდებიც დაბალი აქტიურობით გამოირჩევიან არჩევნების დროს, საჭიროა მუშაობა და ქვეყნის განვითარების პროცესში მათი როლის ჩვენება, არჩევნებში მათი ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა და პოლიტიკური პარტიების პროგრამების და იდეოლოგიის მათთვის გაცნობა, ზოგადად მათი ჩართვა ყველა დონეზე ყველა სფეროში, რათა ისინი იყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები და მათი სამოქალაქო პასუხისმგებობა გაიზარდოს. ვფიქრობ, გარდა ცესკოსი, პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთონ განათლების სამინისტრო და პოლიტიკური პარტიებიც“.
,,ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენლის განმარტებით, არასამთავრობო სექტორი და მათ შორის მისი ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს აღნიშნული მიმართულებებით. იგი, სახელმწიფოს როლზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ მან შესაბამისი პროგრამები უნდა დანერგოს.
,,არასამთავრობოსექტორი, ქალთა ორგანიზაციები, მათ შორის, ჩვენ, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. როგორც წესი, მათ ძალიან კარგად იციან კვლევების შედეგებიც, სტატისტიკაც და პრობლემის არსიც.
შესაბმისად, მათი მუშაობაც მიმართულია არსებული პრობლემების გადაჭრის გზების მოძიებისკენ და სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ამ პროცესებში ჩართვისკენ, განსაკუთრებით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების. თუმცა ეს ხდება გარკვეული რეგიონების მასტაბით და ცალკეულ სპეციფიკაზე მორგებით, რომელიც როგორც წესი არის საპილოტე და მისი წარმატებით განხორციელების შემდეგ, სახელმწიფო უნდა იყოს მზად, შესაბამისი პროგრამები დანერგოს. ქალების გააქტიურებას პირველ რიგში ხელი უნდა შეუწყოსს ხელმწიფომ, სხვა შემთხვევაში ის კარგავს ძალიან ძლიერ რესურსს დაძალას.აღნიშნულ პროცესში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების როლიც უდიდესია“.
კავშირი “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ ქალთა დაბალი აქტივობა არჩევნებზე გამოწვეულია იმით, რომ ქალთა ინტერესი დაბალია.
,,ქალები დღეს არ არიან დაინტერესებული არჩევნებში მონაწილეობის მიღებით, რადგან ვერ ხედავენ ამის საჭიროებას. ქალთა საკითხებს და ინტერესებს არც ერთი პოლიტიკური პარტია სერიოზულად არ ეკიდება. არც საარჩევნო კამპანიაა წარმართული ქალ ამომრჩევლებზე. საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ პოლიტიკა ქალის საქმე არ არის და თუ ეს ასეა, მაშინ ქალების პასიურობა გასაგებია.“
ბაია პატარაია ფიქრობს, რომ პრობლემა პირველ პირში პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იზრუნონ ქალი ამომრჩევლების დაინტერესებაზე, შესთავაზონ მათთვის შექმნილი საარჩევნო პროგრამა და თვითონაც გაიაზრონ რამხელა პოტენციალი აქვთ ქალ ამომჩევლებს.
,,ქალი უნდა გახდეს პოლიტიკურად აქტიური სუბიექტი და ისარგებულოს მისი როგორც აქტიური, ისე პასიური ხმის უფლებით. პარტიებმა უნდა წარადგენდნენ ქალი კანდიდატები, ეს შეუწყობს ქალი ამომრჩევლის გააქტიურებას ხელს“.
ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ ცნობიერების კუთხით ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი როგორც სახელმწიფოს, ასევე არასამთავრობო სექტორის მხრიდან.
,,სახელმწიფო და არასამთავრობო ინსტიტუტებმა ერთობლივი ძალებით უნდა მოახერხონ და გააგებინონ ქალებს, რომ პოლიტიკა მათი საქმეა, რომ მათ აქვთ რეალური ძალაუფლება გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ პროცესებზე, თუ გააქტიურდებიან. ვინაიდან საქართველოს მსოახლეობის უმრვალესობა მიიჩნევს, რომ ქალების ჩართულობა პოლიტიკაში სასარგებლოა ქვეყნისათვის.“