ახალი ამბები

თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებმა რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე გაიმარჯვეს

სტუდენტურ ოლიმპიადაში, თესაუსთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო, ილიას სახელმწიფო, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო, გორის სასწავლო და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებმა ნიადაგმცოდნეობის მიმართულებით სხვადასხვა თემაზე მოხსენებები წარადგინეს.
თესაუში knews.ge-ს განუცხადეს, რომ წარმატებულ სტუდენტთა შორის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აგრონომიის საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამის II და III კურსის სტუდენტები: თორნიკე ფოთოლაშვილი და საბა სულხანიშვილიც დასახელდნენ. სტუდენტები შესაბამისი სერტიფიკატებით აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა, ლაშა გოცირიძემ, დააჯილდოვა.
“ეს წარმატება ჩვენი ფაკულტეტისათვის და ზოგადად უნივერსიტეტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენს ფაკულტეტზე ხარისხიანი სწავლებაა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მაღალ დონეზე მიმდინარეობს”, – განუცხადა knews.ge-ს აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა მანანა კევლიშვილმა. 
სტუდენტური ოლიმპიადა 30 ოქტომბერს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ჩატარდა.