ახალი ამბები

2016 წელს საქართველოში ბოლო დროის ყველაზე კონკურენტული არჩევნები გაიმართება

ლევან ცუცქირიძე ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში საგარეჯოს არჩევნებს გამოეხმაურა და მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყნის საარჩევნო გარემოს შეაფასა. წაიკითზეთ მისი ბლოგი არჩევნების შესახებ.

საგარეჯოს არჩევნებმა აჩვენა რამდენად გაძლიერებულია ქვეყანაში რადიკალური პოლიტიკური ძალები და როგორაა დასუსტებული ზომიერი, უფრო დემოკრატიული პოლიტიკური ჯგუფები. ამ არჩევნების შედეგი ძალთა ბალანსის მხრივ პრინციპულად არაფერს ცვლის ახლა, მაგრამ შესავალია მომავალი წლისთვის. 2016 წელს საქართველოში ბოლო დროის ყველაზე კონკურენტული არჩევნები გაიმართება, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს საშუალებას მისცემს საკუთარი ხმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იპოვოს.

მაგრამ მათთვის, ვინც დაინტერესებულია ამ ქვეყნის დემოკრატიული მომავლით მნიშვნელოვანია რომ ახალ პარლამენტში ის პოლიტიკური ძალები იყვნენ უფრო ძლიერად წარმოდგენილნი, რომლებიც იზიარებენ დემოკრატიულ ფასეულობებს და არა ისინი, რომლებიც არჩევნების პროცესს დემოკრატიის დასასუსტებლად გამოიყენებენ. იმისთვის, რომ ქვეყნის ცხოვრებაში წამყვანი ძალები დემოკრატები გახდნენ, საჭიროა რამდენიმე რამის გაგება და სწრაფად გაკეთება:

უპირველესად იმაზე დაფიქრება გვმართებს, თუ რისი უფრო მაღალი ალბათობაა 2016 წლისთვის: იმის, რომ ამ დროისთვის დემოკრატებს უფრო ძლიერი პოზიციები ექნებათ თუ იმის, რომ რადიკალები მნიშვნელოვნად გაძლიერდებიან? დღევანდელი ვითარების შენარჩუნების შემთხვევაში მეორე შესაძლებლობა უფრო მაღალია.

შესაბამისად, თუკი გამოდის რომ ხვალ დემოკრატები, იგივე “ცენტრისკენული” ძალები უფრო სუსტები იქნებიან, ვიდრე ერთი წლის შემდეგ, რჩება ორი ძირითადი ალტერნატივა: ადრეული არჩევნები (თუკი ხვალ ისინი უფრო სუსტები იქნებიან, მაშინ არჩევნები ახლა უფრო მომგებიანია მათთვის, ვიდრე ერთი წლის შემდეგ, როდესაც მათ უფრო სუსტი პოზიციები ექნებათ) ან, რამდენად რთულიც არ უნდა იყოს ეს, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური განწყობის მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც მეინსტრიმულ პოლიტიკური ძალების მიმართ ნდობას გაზრდიდა. მეორე ალტერნატივა უდავოდ ბევრად უკეთესია ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის და მოითხოვს პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსებისა და დემოკრატიული საზოგადოებრივი ჯგუფების მეტ კონსოლიდაციას და თანამშრომლობას მათ შორის, რიგ შემთხვევებში, პარტიულ და იდეოლოგიურ გამყოფ ხაზებს მიღმა.

უპირველეს ყოვლისა, საჭიროა პოლარიზაციის შემცირება მმართველ კოალიციასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. იმ პოლიტიკური პარტიების მარგინალიზაცია, რომლებსაც მოსახლეობის დიდი ჯგუფები უჭერენ მხარს, შეუძლებელია და ამის მცდელობა ძალიან საზიანო იქნება როგორც დემოკრატიისთვის, ისე სტაბილურობისთვის. რევოლუციური სცენარით ვითარების გამწვავება კი ქვეყნის მყიფე ინსტიტუტებს გაანადგურებს. ოპონენტების განუწყვეტელი დემონიზაციით მხარეები გზას იჭრიან არჩევნებში შესაძლო დამარცხების აღიარებისთვის, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის პოსტ-საარჩევნო პროცესებს და ქვეყანას. ამ საქმეში ცალკეულმა გავლენიანმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა აიღონ ინიციატივა იმის გააზრებით, რომ პოლარიზაცია და რადიკალიზაცია არც ქართულ ოცნებას და არც ნაციონალურ მოძრაობას აძლევს ხელს (და მით უმეტეს არც სხვა, ამ ეტაპზე უფრო მცირე დემოკრატიულ ძალებს). ეკონომიკური დასუსტება, უმუშევრობა, დაძაბულობა, ქაოსი ქალაქების ქუჩებში, მთავარი პარტიების ერთმანეთთან დაუნდობელი ბრძოლა, მხოლოდ მათთვისაა სასარგებლო ვინც ამბობს რომ მათ გარდა ყველა სხვა დამნაშავეა. პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მოახერხონ მათ რიგებში ისეთი რადიკალების ხმის შესუსტება, რომლებსაც არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, გაფუჭება კი ბევრის. თუკი ეროვნული ამოცანები არაა საკმარისი დიდ საკითხებზე კონსენსუსისთვის, წინასაარჩევნო პრაგმატიზმი მაინც უნდა გახდეს პოლიტიკური თანხმობის მიღწევის ინსტრუმენტი. საგარეჯოს შუალედური არჩევნები ამის საჭიროების დანახვის კარგი შესაძლებლობაა.

როგორც წესი, პოლიტიკური აპათია და ეკონომიკური გაჭირვება ხელს უწყობს რადიკალების გაძლიერებას. ეს ჩანს ყველგან: დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ჩვენთანაც. შესაბამისად, საჭიროა ახალი დინამიზმის შემოტანა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ურბანულ პროცესებში. მნიშვნელოვანია ქვეყანაში ისეთი საქმეების სწრაფად წამოწყება, რომელიც საზოგადოებაში ნორმალური პოლიტიკური პროცესისადმი და ზოგადად მმართველობისადმი მეტ ნდობას შექმნის და შეცვლის მასობრივ აპათიურ განწყობას, რომელიც სინამდვილეში რუსთავი 2-ის ეკრანიდან კი არ მოდის, როგორც ზოგიერთს ჰგონია, არამედ თბილისში არსებული მტვრის ღრუბლებიდან და გაუთავებელი საცობებიდან იწყება.

პოლიტიკური ცენტრის მხარდამჭერი ამომრჩევლების შემცირება მოიტანს პოლიტიკური ექსტრემიზმით გაჟღენთილ წინასაარჩევნო გარემოს და ხელისუფლებას, რომელიც ვერ მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ასეთ მდგომარეობაში, და უკეთეს შემთხვევაში, პოლიტიკოსთა წარმატება იმით შეფასდება, რომ მათ გარეშე კიდევ უფრო უარესი მოხდებოდა. ეს კი, დამეთანხმებით ცუდი სტანდარტია ქვეყნისთვის, რომელსაც სიღარიბიდან ამოსვლა და განვითარება სურს.

წყარო: http://levantsutskiridze.com