ახალი ამბები

საგარეჯოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით საია განცხადებას ავრცელებს

საია საარჩევნო პროცესებში მონაწილე პირებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის ძალადობისგან, დაიცვან კანონი და მოთმინებით დაელოდონ როგორც კენჭისყრის პროცესის დასრულებას, ასევე საარჩევნო უბნებზე შედეგების შეჯამებას.
,,საია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, მყისიერად აღკვეთონ ძალადობის ნებისმიერი ფაქტი და უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში წარმართვა. საიას დამკვირვებელთა ინფორმაციით, დაპირისპირების ფაქტს ჰქონდა ადგილი საგარეჯოს #42 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატისა და „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი კანდიდატის მომხრეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. საიას დამკვირვებელთა ინფორმაციით, ინციდენტში დაახლოებით 7 ადამიანი მონაწილეობდა. ასევე სავარაუდოდ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს ადგილი ჰქონდა საგარეჯოს #20-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზეც, რის გამოც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ წესრიგის დაცვისა და მოსალოდნელი პროვოკაციებისგან თავის არიდების მიზნით პოლიცია გამოიძახა. მართალია ორივე შემთხვევაში სავარაუდო ძალადობის ფაქტი არა საარჩევნო უბანში, არამედ მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა მსგავსი ფაქტები ქმნის დაძაბულობას და ხელს უშლის საარჩევნო პროცესების მშვიდ ვითარებაში წარმართვას”,- ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.