ახალი ამბები

თელავში ნაციონალური მოძრაობის შეურაცხმყოფელი პლაკატები გამოჩნდა

ყველა პოსტერზე, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების გარდა, ქათმები ფიგურირებენ. კარიკატურებზე არის წარწერები: “გაუკუღმართებული ქათმების პარტია”, “ქათმების პარტია – ჭირი, რომელიც სამუდამოდ უნდა მოვიშოროთ!”. ყოფილი სახელისუფლებო პარტია ორგანიზებულ თავდასხმებში მმართველ გუნდს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება თავის სახეს წარმოაჩენს. 
“ამ ქმედებით ხელისუფლება თავის სახეს წარმოაჩენს. ყელში ამოვიდა მაგათი სიბინძურეები. მე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – განუცხადა Knews.ge-ს ნაციონალური მოძრაობის თელავის რაიონული ორგანიაციის თავმჯდომარემ გიორგი ბოტკოველმა.
ნაციონალური მოძრაობის შეურაცხმყოფელი პლაკატები თბილისში, ფოთში, ქუთაისში, ახალციხესა და ბათუმშიც გააკრეს. საქართველოს დიდ ქალაქებში გიგა ბოკერიას, თამარ ჩერგოლეიშვილის, გივი თარგამაძისა და გოკა გაბაშვილის შეურაცხმყოფელი კარიკატურებია განთავსებული. 
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით, რაც თვითმმართველი ორგანოს იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.