სტატიები

დეპუტატის ფუნქცია და მისი როლის მნიშვნელობა

მოსახლეობას კი, სულ უფრო ნაკლები დრო რჩება იმისთვის, რომ გადაწყვიტოს, რო­მელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი, რომ შემდეგ პრობლემების მოგვარება მოსთხოვოს. ,,კახეთის ხმის’’ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ მომავალი არჩევნების შესახებ მოსახლეობის მცირე ნაწილი ფლობს ინფორმაციას. აქედან მოსახლეობის უფრო მცირე ნაწილმა თუ იცის დეპუტატს კონკრეტულად რა უფლებები, მოვალეობები და ფუნქციები აქვს და რისი მოგვარება შეუძლია. ადგილობრივების თქმით, დეპუტატის ერთადერთი ფუნქცია ხალხზე ზრუნვა და არსებული პრობლე­მების მოგვარებაზე მუშაობაა.
ჰამბათ ჯამალოვი, სოფელ იორმუღანლოს მკვიდრი:
,,დეპუტატის მოვალეობაა, მოსახლეობას დაეხმაროს. დღეს ჩვენ ბევრი პრობლემა გვაქვს შექმნილი და ყურადღებას არავინ გვაქცევს. ერთჶერთი აუცილებლად მოსაგვარებელი პრობლემაა საძოვრების არარსებობა, არც სახნავ-სათესი მიწები გვაქვს. ისე გაიყიდა, არაფერი ვიცოდით. სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს მესაქონლეობით ირჩენს, იმას, ვისაც საქონელი ჰყავს, სხვა მუნიციპალიტეტში გადაჰყავთ და იქ ინახავენ, ეს კი ძვირი ჯდება. ზოგმა ამ საქმეს საერთოდ თავი დაანება. ჩემი აზრით, სწორედ, დეპუტატის მოვალეობაა ამ პრობლემის მოგვარება.’’
ალიზ რაფან ზალილოვი, სოფელ იორმუღანლოს მკვიდრი:
,,საუბნო გზის პრობლემა გვაწუხებს. წვიმიანი ამინდების დროს საშინელი ტალახია, ხოლო მზიანი ამინდების დროს ფან­ჯრებს ვერ ვაღებთ, რადგან სულ მტვერია და ოთახებში შემოდის. მომავალ დეპუტატს ამ პრობლემით დაინტერესებას ვთხოვთ. წინა დეპუტატი საერთოდ არ ზრუნავდა ჩვენზე. არც მოსულა შესახვედრად. იმედი გვაქვს, ახალი მაინც მოგვხედავს. ის უნდა იყოს ყურადღებიანი, ხალხზე ზრუნავდეს და მათთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს.’’
სულეიმან ომეხმანი, სოფელ იორმუღანლოს მკვიდრი:
,,დეპუტატის ფუნქციაა სოფელს წყლის პრობლემა მოუგვა­როს. სასმელი წყალი არ მოდის და ხელით მოგვაქვს სახლამდე. დეპუტატს იმისთვის ვირჩევთ, რომ დაგვეხმაროს და ხალხის გასაჭირი გულთან მიიტანოს.’’
სულეიმან ოლჯავათი, სოფელ იორმუღანლოს მკვიდრი:
,,როცა არჩევნებია, მოდიან, გვეუბნებიან, ხმა მოგვეცით და პრობლემებს მოგიგვარებთო, ვაძლევთ ხმას და, რომ იმარჯვებენ, იკარგებიან. არაფრის გაკეთება აღარ უნდათ. დეპუტატი ხალხ­თან უნდა მოდიოდეს, ხშირად რომ გაიგოს რა პრობლემა გვაქვს და მოგვარებაში დაგვეხმაროს, ეს არის მისი მოვალეობა.’’
მანანა სვიმონიშვილი, ქალაქ საგარეჯოს მკვიდრი:
,,დეპუტატმა მუნიციპალიტეტზე უნდა იზრუნოს. საქმე რომ გააკეთოს, პირველ რიგში ხალხთან ახლოს უნდა იყოს, უნდა გა­აკეთოს ის, რაც ხალხს სჭირდება და ყოველდღიურად პრობლემას უქმნის. ჩემი აზრით, დეპუტატმა ისეთი კანონი უნდა მიიღოს, რომელიც ქალაქში წყლის პრობლემის მოხსნას შეუწყობს ხელს.’’
სოფო არჩვაძე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მკვიდრი:
,,დეპუტატის ფუნქცია რა არის, არ ვიცი, არავისი და არაფრის აღარ მჯერა. არჩევნებზე ვაპირებ წასვლას და შემოვხაზავ ჩემს სა­სურველ კანდიდატს, რომელიც იზრუნებს ხალხზე და ეცოდინება ჩვენი პრობლემები.’’
ქეთინო გამყრელიძე, ქალაქ საგარეჯოს მკვიდრი:
,,დეპუტატის ფუნქციები ვიცი, მაგრამ მთავარია, როგორ შეასრულებს მას. მან უნდა იზრუნოს ხალხზე, გაიგოს ვის რა პრობლემა აქვს და გაუწიოს შესაბამისი დახმარება. მან უნდა წარადგინოს პარლამენტში კანონპროექტები და ეს უნდა იყოს ისეთი, რომელიც მის ამომრჩეველს ცხოვრების პირობებს გაუუმჯობესებს. მე ვფიქრობ, პირველი კანონპროექტი, რომელიც მან უნდა წარადგინოს პარლამენტში განსახილველად, უნდა იყოს ინფრასტრუქტურის კუთხით. აქ ამ მიმართულებით ბევრი პრობლემა გვაქვს. ქალაქში ცენტრალურ გზაზე ყოველდღე დავ­დივარ და ისეა დაზიანებული, ვცდილობ, არ წავიქცე. სანიაღვრე არხებიც მოსაწესრიგებელია. არჩევნები რომ იყო ადრე, მაშინ დაიწყეს ამის გაკეთება და მერე თავი დაანებეს. ‘’
ლილი ღვინაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულის მკვიდრი:
,,არ ვიცი დეპუტატის ფუნქციები და არც მაინტერესებს. აღარ მჯერა, რომ ვინმე ჩვენთვის რამეს გააკეთებს. უიმედოდ ვარ, არჩევნებზე წასვლას არც ვაპირებ. წინა დეპუტატმა მომატყუა, დახმარებას დამპირდა და არ დამეხმარა. სტიქიის დროს სახლის ჭერი ჩამომენგრა, ხის მორები მაქვს შედგმული, რომ მთლად არ ჩამოინგრეს. თინა ხიდაშელი აქ იყო, დახმარებას დამპირდა, მა­გრამ მას მერე ჩემთან არავინ მოსულა. არცერთი დეპუტატი არა­ფერს აკეთებს ხალხისთვის. დეპუტატმა სოფლებში არსებული ყველა პრობლემა უნდა იცოდეს. ის მარტო თანამდებობისთვის არ უნდა იბრძოდეს და ხელფასს არაფერში იღებდეს. ის უნდა ფი­ქრობდეს, ხალხზე და მათი ყოფითი პირობების გაუმჯობესებაზე.’’