ახალი ამბები

მცირემიწიანთა ხვნის სამუშაოები 4,8 მილიონით დაფინანსდება

,,საშემოდგომო სამუშაოების ფარგლებში, სახელმწიფოს დახმარებით ჯამში 34 000 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მოიხვნება, სადაც მარცვლეული კულტურების დათესვა ხდება. აღნიშნული სამუშაოების ჯამური ღირებულება 4,765 მლნ ლარია. “მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობისპროგრამაში წელს 800 ათასამდე ფერმერი მონაწილეობს”, – აცხადებენ უწყებაში.
კახელი ფერმერი ვახტანგ ბლუიშვილი 1 ჰექტარ მიწას ამუშავებს. მისი ინფორმაციით, მართალია ხვნის სამუშაოების ხელშეწყობა ფერმერებისთვის მისაღებია, თუმცა 140 ლარი გაწეული სამუშაოების ხარჯებს ვერ ანაზღაურებს.
,,სულ 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მაქვს, მომყავს სოფლის მეურნეობის კულტურები და ვცდილობ, ოჯახი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით გამოვკვებო. 1 ჰექტარი მიწის დამუშავება შარშან 300 ლარამდე დამიჯდა ყველა პროცედურა, მარამ ამ თანხაში არ შედის სასუქისა და შხამ-ქიმიკატების ღირებულება, წელს რა იქნება არვიცი. მართალია, ხვნის ბარათით აღებული თანხა დანახარჯებს ვერ დაფარავს, მაგრამ ცოტა შეღავათი იქნება ჩვენთვის”, – აცხადებს knews.ge-სთან ფერმერი.
შეგახსენებთ, რომ ბენეფიციარები, რომლებსაც გააჩნიათ 0.25 დან 1.25 ჰექტარის ჩათვლით სახნავი მიწის ფართობი მიიღებენ მხოლოდ ხვნის ბარათს, 1 ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით. ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში აქვთ 0.25მდე მიწის ფართობი წელს ისარგებლებენ 50 ლარიანი აგრო ბარათით. ბენეფიციარები, რომლებიც 0.25 დან 1.25 ჰას ჩათვლით მიწის ფართობს იყენებენ მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის მიიღებენ 1 ჰაზე 140 ლარის ოდენობის სასოფლო სამეურნეო საქონელს. ნიადაგის ხვნის სამუშაოებს შპს“მექანიზატორი“ და კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფს. „მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამა” 2013 წელს დაიწყო და წელს დასრულდება.