ახალი ამბები

2016 წლიდან სოფელ ლამბალოში ახალი სკოლა აშენდება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სოფლის ერთ-ერთი ყველაზე მრავალკონტიგენტიანი საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და რამდენიმე თვეში დასრულდება.

უწყებაში Knews.ge-ს განუცხადეს, რომ ახალი სკოლის შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია, სადაც გათვალისწინებულია ყველა დეტალი, ადგილმდებარეობის სპეციფიკა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ექნება თანამედროვე გათბობის სისტემა, სპორტული და სააქტო დარბაზები თავისი დამხმარე სათავსოებით, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტები, სასადილო, 300 კვ.მ-ის ღია სპორტული მოედანი. შენობა ასევე ადაპტირდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.სკოლის მთელი ტერიტორია გამწვანდება და კეთილმოეწყობა.

თითქმის ათი წელია, რაც სოფელ ლამბალოს მოსწავლეები ოჯახებში მოწყობილ არასტანდარტულ, სასწავლო პროცესისათვის სრულიად შეუფერებელ საკლასო ოთახებში სწავლობენ. სკოლა რამდენიმე ნაქირავებ შენობაშია განთავსებული, ხოლო სასწავლო ობიექტები ერთმანეთისაგან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული.