ახალი ამბები

სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა დაიწვა

სკოლაში არსებული ყველა დოკუმენტაცია განადგურებულია. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია დავითაშვილის განცხადებით, სასწავლო პროცესი გაგრძელდება სკოლის ეზოში მდებარე სხვა შენობაში, სადაც ამჟამად დაწყებითი კლასის მოსწავლეები სწავლობენ. მისივე თქმით, საწავლო პროცესი ხავლიდან მხოლოდ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის განახლდება. მეხუთე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეები კი სწავლას 6 ოქტომბერს გააგრძელებენ. 
„დღეს მთელი დღის განმავლობაში სკოლის ტერიტორიაზე ვიყავი. სამართალდამცავებმა ახლოს არ მიგვიშვეს. ვერ გავარკვიე, რამ გამოიწვია ხანძარი. სასწავლო პროცესის წარმართვას საფრთხე არ შეექმნება. დღეს განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და ერთად ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ სასწავლო პროცესი გაგრძელდეს ე.წ. დაწყებითი კლასის მოსწავლეების შენობაში, სადაც 8 საკლასო ოთახია. ხვალიდან სწავლას განაახლებენ 1-ლი მე-4 კლასის მოსწავლეები, ხოლო დანარჩენები კი სამშაბათიდან ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას.“, – განუცხადა Knews.ge-ს მაია დავითაშვილმა. 
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც გულისხმობს გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას. უწყებაში აცხადებენ, რომ სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის შენობაში ხანძრის გაჩენის მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.