ახალი ამბები

თელავის უნივერსიტეტში 700 ვაკანტურ ადგილზე 224 აბიტურიენტი ჩაირიცხა

თესაუმ მიღება 700 ვაკანტურ ადგილზე გამოაცხადა, თუმცა ადგილების მხოლოდ 32% შეივსო. კახეთის ერთადერთ უმაღლეს სასწავლებელში 476 ადგილი დარჩა თავისუფალი. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ირმა შიოშვილის განცხადებით, 2014 წელთან შედარებით უმაღლეს სასწავლებელში პირველკურსელთა რაოდენობამ მოიმატა. 
„მოლოდინი უფრო მეტი გვქონდა, რადგან მხოლოდ პირველადი არჩევანით 342 იყო დარეგისტრირებული. აქ იმ ფაქტორმა ითამაშა როლი, რომ 342 აბიტურიენტიდან სერიოზული რაოდენობა ჩაიჭრა. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის მსურველების რიცხვი მკვეთრად გაზრდილია. შარშანდელტან შედარებით გაცილებით უკეთესი მაჩვენებელია და თუ გავითვალისწინებთ წინა წლების სტატისტიკას, უკმაყოფილო არ ვარ. წლევანდელ უკეთეს შედეგებს ვუკავშირებ უკეთეს პიარს, რომელიც ჩავატარეთ, თუმცა შეიძლებოდა კიდევ უფრო ეფექტური პიარ კამპანია გვეწარმოებინა. გარდა ამისა ბევრი რეალური პოზიტიური ინფორმაცია ვრცელდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტზე. დინამიკა უკეთესობისკენ არის და მომავალ წლებში უკეთეს შედეგებს ველით“, – განუცხადა Knews.ge-ს ირმა შიოშვილმა. 
გასულ წელს კი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 780 ვაკანტურ ადგილზე მხოლოდ 179-მა აბიტურიენტმა გამოთქვა სწავლის სურვილი.