სტატიები

„რთველი 2015“-ის საკორდინაციო შტაბი თელავში გაიხსნა (R)

25 აგვისტოს თელავში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ 2015 წლის რთვლის საკოორდინაციო შტაბი გახსნა, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. ღონისძიებას დაესწრნენ: სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში ირაკლი შიოლაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ღვინის კომპანიების  წარმომადგენლები.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში მეზობელ ქვეყნებში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა და რეგიონში არსებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ, მსხვილ საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტის შემცირება გამოიწვია, რამაც თავის მხრივ, ყურძენზე მოთხოვნის შემცირება განაპირობა. შესაბამისად, დარგის განვითრების დადებითი დინამიკის შენარჩუნებისა და მევენახეების ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს კვლავ მოხდება როგორც თეთრი, ისე წითელი ყურძნის სუბსიდირება.

„რთველი-2015“-ის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ სუბსიდია1 კგ. რქაწითელსა და კახურ მწვანეზე – 35 თეთრს, ხოლო 1 კგ. საფერვზე – 15 თეთრს შეადგენს, ხელისუფლებას აქვს სრული მზაობა და დეტალურად გაწერილი გეგმა, რათა წლევანდელმა რთველმაც ორგანიზებულად ჩაიაროს და მოსავალის რეალიზაცია-დაბინავების პრობლემა  მევენახეს არ შეექმნას“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

მიმდინარე წელს სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე, როგორც ეს ბოლო 2 წლის განმავლობაში ხდებოდა: „სუბსიდირების ამ პრინციპის მთავარი უპირატესობა  ის არის, რომ გლეხი ჩაბარებული ყურძნის საფასურს დაგვიანების გარეშე, ჩაბარებიდან დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში,  მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე ლიბერთი ბანკში მიიღებს,“-აღნიშნა მინისტრმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, „რთველი 2015“-ის ფარგლებში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიები შეღავათიანი აგროკრედიტით კვლავ ისარგებლებენ.

სამანიშვილმა ასევე ისაუბრა ყურძნის ჩაბარებისა და გადამუშავების აღრიცხვის აუცილებლობაზე და კომპანიებს შემდგომი პრობლემების თავიდან ასაცილებლად,  შტაბში დროულად დარეგისტრირებისკენ მოუწოდა: „მე მინდა გთხოვოთ, რომ ყველა კომპანიამ გაიაროს რეგისტრაცია, არ აქვს  მნიშვნელობა სუბსიდირებულ ყურძენს მიიღებენ თუ არასუბსიდირებულს. წელს პრემიერის განკარგულების მიხედვით, იგივე ადგილწარმოშობის დასახელების უფლების მისაღებად, აუცილებელია, რომ მიღებული ყურძენი აღრიცხული იყოს ჩვენი შტაბის მიერ, ამიტომ ზოგადად პრობლემები რომ თავიდან ავირიდოთ,   გავიაროთ რეგისტრაცია. მოგეხსენებათ, ეს ხდება მარტივი წესით, თქვენი კომპანიის წარმომადგენელს მოაქვს ცნობა დამოწმებული სასწორის შესახებ, რომელიც ხუთას კილოგრამზე მეტი ტონაჟის იქნება, რის შემდეგაც დაიწყება ჩვენი კოორდინირებული მუშაობა. როდესაც ყურძნის გადამუშავებას დააპირებთ, ჩვენი წარმომადგენელი დაესწრება ამ პროცესს. როგორც შარშან, წელსაც 4 მხარე ესწრება სუბსიდირებული ყურძნის ჩაბარების პროცესს: ჩვენი შტაბის წარმომადგენელი, შსს-ს წარმომადგენელი, მყიდველი და გამყიდველი. სუბსიდირებული ყურძენი უნდა იყოს კილოგრამებით ძალიან ზუსტად აღწერილი, იმიტომ, რომ საქმე ეხება სახელმწიფო თანხებს.

 საკუთარი ან არასუბსიდირებული ყურძნის მიღების დროს, მნიშვნელოვანია, რომ ვინმე დაესწროს ამის გადამუშავებას და რეალური ინფორმაცია შევიდეს კომპიუტერში, ანუ ამ შემთხვევაში, არ იქნება აუცილებელი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის წარმოება. ყველა კომპანიიდან ერთი კაცი უნდა იყოს გამოყოფილი, რომელიც კონტაქტზე იქნება ჩვენს შტაბთან, რათა არ შეიქმნას რიგის პრობლემა და სხვადასხვა სახის გაურკვევლობები,“- აღნიშნა მან.

რაც შეეხება სპირტის გამოხდას, სამანიშვილის ცნობითვე, ამ საკითხთან დაკავშირებით შტაბიდან ერთი წარმომადგენელი გამოიყოფა, რომელიც ასევე მკაცრად აღრიცხავს როგორც ყურძნის მიღების, ასევე დაბინავებისა და გამოხდის პროცესს.

პრეზენტაციის ბოლოს, ღვინის კომპანიების წარმომადგენლებმა მომხსენებლებს კითხვები დაუსვეს, რომელთაგან ერთ-ერთი ჭაჭის (ყურძნის ჩენჩო) გაცემას ეხებოდა. ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ ჭაჭა წელს ფიზიკურ პირებზე არ გაიცემა: „შარშანდელმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ჭაჭის ფიზიკურ პირებზე არ გადაცემა საკმაოდ წარმატებული იყო. წელსაც გვაქვს თხოვნა კომპანიებთან, რომ ჭაჭა არ გაიცეს ისეთ პირებზე, სადაც ამის მიკვლევადობა არ მოხერხდება. გამონაკლისია, თუ რომელიმე იურიდიულ პირს უნდა გამოხდა, ან სხვა მიზნით გადამუშავება“.

აღსანიშნავია, რომ შესაძლოა წელს სამაცივრე მეურნეობებმა საექსპორტოდ  სასუფრე ყურძენი  ჩაიბარონ. როგორც  მინისტრმა ოთარ დანელიამ აღნიშნა, „სამინისტრო, გუბერნია და ყველა შესაბამისი უწყება ჩართულია, რომ სადაც შესაძლებელი იქნება, ყველგან მოეწყოს სავაჭრო პუნქტები, გაკეთდეს სარეალიცაზიო წერტილები.  ყურძნის ნაწილი შეიძლება წავიდეს ექსპორტზე, ზოგი  დაიწუროს ქარხნებში, ზოგი სასუფრედ ჩაბარდეს. რა თქმა უნდა, სასურსათო პროდუქტს ყოველთვის მაღალი ფასი აქვს,  ვიზუალურად ფასდება და არა შაქრიანობის მიხედვით, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ამის სუბსიდირება არ მოხდება.“

შტაბის წარმომადგენლობა გურჯაანის რაიონშიც განთავსდება. ამოქმედდება ცხელი ხაზი 032 2 47 01 01; შარშანდელის მსგავსად, ჩაბარებული ყურძენი ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღირიცხება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით და ნებისმიერ მსურველს განახლებული ინფორმაციის ნახვა ონლაინ რეჟიმში შეეძლება.