ახალი ამბები

კახეთში 5 ათასამდე აბონებტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

კახეთის ენერგოდისტრიბუციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ბექა ბარამიძის განცხადებით, ყვარლის რაიონის 5 სოფელს, ჩანთლისყურეს, გავაზს, ენისელს, ჭიკაანს, ოქტომბერს და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანას ენერგომამარაგება შეწყვეტილი აქვს. 
„ყვარელში ¼ ნაწილი დარჩა ჩასართავი. სამი ხაზი უკვე ჩავრთეთ. ყვარლის რაიონის 5 სოფელში ისევ არ არის ელექტროენერგია, რადგან საყრდენი ბოძებია დაზიანებული და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ლაგოდეხის სოფელი ვარდისუბანს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. თელავში დაზიანებაა ალაზნის გამზირზე და დენი არც სოფელ ართანაშია. საერთო ჯამში 5 ათასამდე აბონენტია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი. ტექნიკური სამსახური დილიდან მუშაობს დაზიანებების ადგილზე და ენერგომომარაგება დღის ბოლომდე აღდგება“, – განუცხადა Knews.ge-ს ბექა ბარამიძემ. 
გუშინ მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარიშხალმა ყვარლის, ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტები დააზარალა. საკარმიდამო მიწის ნაკვეთები დასეტყვილია და ვენახები განადგურებულია. სტიქიამ საზამთროს ბაღებიც დააზიანა. 
ქარიშხალმა სოფლებში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა და მოგლიჯა ხეები, რომელმაც ლაგოდეხი-ყვარლის ცენტრალური მაგისტრალი ჩახერგა. მეწყერი ჩამოწვა ახმეტაშიც. მიწის ჩამოშლის შედეგად თუშეთთან დამაკავშირებელი გზა ჩაიხერგა, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამ დროისათვის სტიქიის ზონებში მუშაობს საგანგებო სიტუაციათა სამსახური. ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა კი უცნობია.