ახალი ამბები

სტიქიამ კახეთში 2000 ჰექტარი ვენახი დააზიანა

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, დაზღვეული ვენახების მფლობელებს ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ. ,,14 მილიონის ფარგლებში დაჯდა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა. თითო ჭურვი დაახლოებით 300 ევრო ჯდება და საერთოდ ჯამში ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ხალხმა მაქსიმალურად დააზღვიოს და მინიმუმადე იყოს რისკები დაყვანილი, თუმცა არც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა არ გახლავთ 100%-იანი გარანტი. ასეთი რამ არ არსებობს. ეს შეიძლება 80-90%-იანი პრევენციის საშუალება იყოს და შესაბამისად, ყველას ვურჩევ, რომ დააზღვიოს. ვისაც ვენახი დაზღვეული არ აქვს, ვერ გეტყვით, ძალიან რთულია ამის თქმა, რადგან ჩვენ ამით მოვახდენთ დაზღვეულების დისკრედიტაციას. ამას ნამდვილად ვერ გავაკეთებთ. ჩვენ შეიძლება სხვა რამე მიმართულებაზე ვიფიქროთ, თუმცა ახლა ვერაფერს კონკრეტულს ვერ გეტყვით”, – განაცხადა დანელიამ.
ყვარლის რაიონში მოსულმა უხვმა ნალექმა, სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ავტომობილები და სახლების სახურავები დააზიანა, ლაგოდეხის რაიონში საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა, ახმეტის რაიონში კი ჩამოწოლილი მეწყერის გამო თუშეთთან დამაკავშირებელი გზა ჩაიხერგა, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველ-მეხანძრეები და კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები გზის გაწმენდით და დატბორილი სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.