ახალი ამბები

დაჭრილ პოლიციელს თავის ქალაზე ოპერაცია უტარდება

პატარკაციშვილს თავის ქალაზე ოპერაციას თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგები უკეთებენ. 
“თავის ქალა უნდა ახადონ. ტვინია შეშუპებული. ამის მეტი ჯერ არაფერი არ ვიცით. გადარჩენის იმედს გვაძლევენ. მთავარია, ოპერაციას რაიმე სახის გართულება არ მოჰყვეს”, – განუცხადა Knews.ge-ს დაჭრილი პოლიციელის ბიძაშვილმა, ანა პატარკაციშვილმა. 
შსს-ს ინფორმაციით, დღეს საღამოს ახმეტის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, სოფელ ზემო ალვანში, ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ. ახალგაზრდა მამაკაცმა ელიზბარ პაჩოშვილმა შემთხვევის ადგილზე გასულ პოლიციელებს გაუხსნა ცეცხლი, რის შედეგადაც ერთ-ერთი სამართალდამცველი თავისა და გულმკერდის არეში დაიჭრა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა ის თელავის საავადმოყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.
პოლიციელებმა ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი უკვე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის მე-19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.