ახალი ამბები

პრეზიდენტი მცხეთაში გარდაცვლილი უშიშა ყორიაულის გადარჩენას ცდილობდა

საინფორმაციო სააგენტო ambebi.ge-ს ინფორმაციით, პრეზიდენტი ავტოავარიას შემთხვევით შეესწრო. 26 ივლისს, მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელთან, ევროკავშირის დიპლომატიური მისიის ავტომანქანამ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლებში მცხოვრები, 15 წლის უშიშა ყორიაული იმსხვერპლა. ავტომობილს წარმოშობით პოლონელი დიპლომატი მართავდა. ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, დიპლომატიური მისიის თანამშრომელს მიმალვა არ უცდია და გამოძიებასთან თანამშრომლობს. 
სოფელ თეთრწყლებში თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა, მინდია ქიბიშაურმა knews.ge-ს განუცხადა, რომ უშიშა ყორიაულს ავტომანქანა გაზგასამართ სადგურთან მაშინ დაეჯახა, როცა ის თბილისიდან ხევსურეთში სამარშრუტო ტაქსით დასასვენებლად მიდიოდა. 
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რომელიც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.