ახალი ამბები

სოფელ ლაფანყურში სახალხო დღესასწაული „ვაჟაობა“ აღნიშნეს

 სახალხო დღესასწაული “კულტურის ცენტრის”, “სასპორტო გაერთიანების” ორგანიზებითა და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგარდულ საქმეთა სამსხურის მხარდაჭერით გაიმართა. “ვაჟაობა” ტრადიციული დოღით დაიწყო, ხოლო სხვა ღონისძიებებთან ერთად, შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში, სხვადასხვა წონით კატეგორიაში გაიმართა. საზეიმო კონცერტში თელავის მუნიციპალიტეტთან არსებული შემოქმედებითი, ვოკალური და ქორეოგრაფიული სტუდიები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებაში მონაწილე ახალგაზრდებმა ვაჟა-ფშაველასადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს. კონცერტის დასასრულს, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ალექსანდრე შათირიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა გიორგობიანმა ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და ვაჟა-ფშაველას დამსახურებასა და ლაფანყურის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სახალხო დღესასწაული “ვაჟაობა” სოფელ ლაფანყურში, ტრადიციულად, ყოველი წლის, ივლისის თვის ბოლო შაბათ დღეს ტარდება.