ახალი ამბები

კახეთში ელექტროენერგია არ გაძვირდება

უწყებაში განმარტავენ, რომ 2013 წელს ტარიფების შემცირება კახეთს არ შეხებია და აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ელექტროენერგიის საფასურის გაზრდის აუცილებლობის წინაშე არ დგაგან.
ენერგოდისტრიბუციაში არ გამორიცხავენ, რომ კომერციული მომხმარებლისთვის ტარიფის გაზრდის თხოვნით სემეკს რამდენიმე თვის შემდეგ მიმართონ, თუმცა დანამდვილებით ამ ეტაპზე ვერც ამაზე საუბრობენ.
“მართალია, დოლარის კურსის გამყარებამ ელექტროენერგიის შესასყიდი ფასი გაზარდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ 2013–ში, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, კახეთში დენის ტარიფი არ შემცირებულა, ტარიფის გაზრდის აუცილებლობა არ დგას”, – განმარტავენ კახეთის ენერგოდისტრიბუციაში. 
როგორც ცნობილია, “ენერგო-პრო ჯორჯიას” მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ს გარეშე, 3,348 თეთრით გაიზარდა. დღგ-ს ჩათვლით კი მომხმარებელს, დაახლოებით, 3,95 თეთრით გაძვირებული ტარიფის გადახდა მოუწევს. 
შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.