ახალი ამბები

გურჯაანის სოფელ ახაშენში 25 საცხოვრებელი სახლი დაიტბორა

ხევიდან მოტანილმა ქვაღორღმა სოფელში გამავალი სარკინიგზო მაგისტრალიც ჩახერგა. 
ადგილზე მიბილიზებულია ტექნიკა. ამ დროისთვის წყლის ამოტუმბვისა და რკინიგზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ახაშნელები საცხოვრებელი სახლების დატბორვას სანიაღვრე არხების გაუწმენდაობას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარების მოთხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. 
,,წყალი შემოვარდა სახლში და დატბორა პირველი სართული, ყველაფერი, რაც გვქონდა, გაანადგურა. ყოველ წვიმაზე ამ დღეში ვართ. აუცილებელია სანიაღვრე არხების გაწმენდა და ნორმალურად გაკეთება, რომ სახლში წყალი არ შემომივარდეს”,- განაცხადა დაზარალებულმა არჩილ კობიაშვილმა.
ახაშნელები ამბობენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ამოტუმბვითი სამუშაოები. მათი თქმით, სტიქიამ განსაკუთრებით ათამდე ოჯახი დააზარალა. ძლიერმა ქარმა საკომუნიკაციო ხაზებიც დააზიანა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ზვიად ყვირალაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის სოფელში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. სოფელში მობილიზებულია კეთილმოწყობის სამსახური, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს დილიდან ახორციელებს.
,,ამ დროისთვის რაც ვიცით, სტიქიამ სოფელში 25-მდე ადამიანს მიაყენა ზარალი. დაუზიანდათ საკარმიდამო ნაკვეთები და ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები. გარდა ამისა, მათ, ასევე, დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლები. ამ დროისთვის ამის აღწერაც მიმდინარეობს”,- განაცხადა ზვიად ყვირალაშვილმა.