ახალი ამბები

კახეთის სკოლები საგზაო უსაფრთხოებისთვის კამპანიის გაგრძელებას ითხოვენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარის საჯარო სკოლის დირექტორის, მანანა მჭედლიშვილის განცხადებით, სკოლის ჭიშკარი რამდენიმე მეტრითაა დაშორებული თბილისი-თელავის ცენტრალური მაგისტრალიდან. მისი განმარტებით, საგანმანათლებლო დაწესებულება საგზაო შემთხვევების მაღალი რისკის შემცველ მონაკვეთზე მდებარეობს. მისივე თქმით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კამპანიის გაგრძელება მათთვის განსაკუთრებულად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. 
„ჩვენი სკოლის ჭიშკარი, ფაქტობრივად, სულ რამდენიმე მეტრითაა დაშორებული თბილისი-თელავის ცენტრალური მაგისტრალიდან. ამდენად, საგზაო შემთხვევების მაღალი რისკის შემცველ მონაკვეთზე მდებარეობს და, ცხადია, საგზაო მოძრაობის საკითხები ჩვენთვის განსაკუთრებულად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ნიშნები მითითებულია, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მძღოლები ამას სრულ იგნორირებას უკეთებენ. საბედნიეროდ, ახლო ხანებში ამ მონაკვეთზე ინციდენტები არ დაფიქსირებულა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამაში ჩვენი პედაგოგების მიერ გატარებული პრევენციული ზომების დამსახურებაა. საქმე ისაა, რომ საგზაო შემთხვევების მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად დილის ცხრის ნახევრიდან ცხრა საათამდე მასწავლებელთა მორიგეობა დავაწესეთ. მოგეხსენებათ, დილა და შუადღე, როცა მოსწავლეები სკოლაში მოდიან და გაკვეთილების დასრულების შემდეგ სახლში ბრუნდებიან, ეს მონაკვეთი განსაკუთრებულად სახიფათოა. ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ ადგილობრივი ხელისუფლება, აგრეთვე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი შემზღუდავი ბარიერების საჭიროების შესახებ, რაც კიდევ უფრო შეამცირებს და მინიმუმამდე დაიყვანს რისკებს. რაც შეეხება კახეთის რეგიონში საგზაო მოძრაობის ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიას, ეს უაღრესად საჭირო და ყველასთვის მნიშვნელოვანი საქმეა.“, – აცხადებს მანანა მჭედლიშვილი. 
რამდენიმე თვეა ფონდი ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტის მხარდაჭერით კახეთის რეგიონში საგზაო უსაფრთხოების ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიას მართავს.
კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია კახეთის რეაბილიტირებულ გზებზე საგზაო მოძრაობაში მონაწილე პირთა კულტურის ამაღლება, კერძოდ, ქვეითების, მძღოლების, ბავშვებისა და გზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და უსაფრთხოების დონის გაუმჯობესება. გზებზე განვითარებული მოვლენები ადეკვატურად აისახება საგზაო მოძრაობაში ჩართული ყოველი ადამიანის ცხოვრებასა და მის უსაფრთხოებაზე. 
ფონდ ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დამფუძნებლის, გელა კვაშილავას თქმით, სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში მომხდარი საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა 6% და დაშავებულთა 10% 16 წლამდე ასაკის ბავშვია. კვლევებმა დაადგინა, რომ ამ რეალობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია საგზაო მოძრაობის საკითხებში საზოგადოების დაბალი დონე, რაც კახეთის რეგიონში ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 
,,პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოგვაწოდა იმ სკოლების სია, რომლებიც კახეთის რეგიონში ცენტრალური საავტომობილო გზების პირას მდებარეობენ და გარკვეული რისკების შემცველნი არიან. ათეულობით ასეთ სკოლაში დავგეგმეთ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხარდაჭერით და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლის საბოლოო მიზანი კახეთის რეგიონული გზების სიახლოევეს მცხოვრებ მოსახლეობაში საგზაო უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლებაა. ამ კამპანიაში ჩართულნი არიან კახეთის რეგიონის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ადგილობრივი მოსახლეობისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. როგორც წესი, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებულ ქვეითთა შორის ძირითადად ბავშვები და ხანში შესულები არიან. აქ ამოსავალი წერტილია მათი შესაბამისი ინფორმირება და განათლება, ამიტომ პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ მოზარდთა განათლებას და ჩართვას სხვადასხვა ტიპის ღონისძიებაში. კვლევების მიხედვით, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ 5-9 წლამდე ასაკის ბავშვები იმყოფებიან. ამ ასაკის ბავშვები იწყებენ დამოუკიდებლად გასვლას ეზოში სათამაშოდ, სკოლაში სიარულს. ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვების უნარ-ჩვევებს ხშირად გადაჭარბებულად აფასებენ მათივე მშობლები. ზოგიერთი ჩქარობს, რომ მათმა შვილმა დამოუკიდებლად და წარმატებულად გაართვას თავი გზებზე გადასვლას. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ავიწყდებათ, რომ რეალურად ამ ასაკის ბავშვებში ძალინ დაბალია საგზაო შემთხვევების რისკის აღქმა, კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფად რეაგირებისა და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი. ამიტომაც ხშირად ბავშვები ხდებიან იმ ავარიების მსხვერპლნი, რომლებიც ძირითადად ფატალური შედეგით სრულდება. ჩვენი კამპანიის იდეა კახეთის რეგიონში სწორედ ამ რეალობის გაუმჯობესება და რისკ-ფაქტორების მაქსიმალურად შემცირებაა”,- აცხადებს კვაშილავა.
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კახეთის რეგიონის კოორდინატორი, ზეინაბ კაკალაშვილი კახეთის რეგიონში საგზაო უსაფრთხოების ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიის დაწყებას დროულ და უმნიშვნელოვანეს ღონისძიებად აფასებს. კაკალაშვილის განცხადებით, კამპანიის ფარგლებში თელავის მუნიციპლიტეტის, საგარეჯოსა და გურჯაანის რაიონების თბილისი-კახეთის გზატკეცილთან ახლომდებარე ათეულობით სკოლაში ჩატარდა საგანმანათლებლო ტრენინგები და გაკვეთილები. 
,, ჩვენს საზოგადოებაში საგზაო უსაფრთხოების ცოდნის და სარისკო ქცევების დონე მეტისმეტად დაბალია, რაც განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესაც საქმე ეხება ბავშვებს. ახეთის რეგიონში კამპანია იმდენად აქტუალური გახდა, რომ ერთგვარი საყვედური განაცხადეს იმ სკოლების წარმომადგენლებმა, რომლებიც ამ ეტაპზე კამპანიაში არ მონაწილეობდნენ. პროექტში ამჯერად გათვალისწინებული იყო კახეთის რეგიონის გზისპირა სკოლების ჩართვა. იმედია, პროექტის ორგანიზატორები გაითვალისწინებენ ამას და კამპანია დანარჩენ სკოლებშიც გაგრძელდება, ვინაიდან საგზაო უსაფრთხოება ზოგადად ყველასთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა”,– ამბობს ზეინაბ კაკალაშვილი.