ახალი ამბები

კახეთში 17 წლის ბიჭი 13 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

კახეთში 17 წლის ბიჭი დააკავეს. მას ბრალად 13 წლის გოგონას გაუპატიურება ედება. სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. დაზარალებული კახეთის ერთ-ერთი სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე გოგონაა. შემთხვევა 3 ივლისს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა მანამდე სხვა გოგონაზეც იძალადა სექსუალურად, რომელიც იძულებით მასზე დაქორწინდა და ამჟამად ის ორსულად არის. სკოლის დირექტორის განცხადებით, დაზარალებული არასრულწლოვნის მშობლებმა პროკურატურას მომხდარის გამოძიების მოთხოვნით უკვე მიმართეს. მისივე თქმით, მშობლები ამ საკითხის შესახებ საუბრისგან თავს იკავებენ და გამოძიების დასრულებას ელოდებიან. 
„მე მომხდარის შესახებ გამაგებინეს მეორე დღესვე. კლასის ხელმძღვანელსაც აქვს ამის შესახებ ინფორმაცია. მან მითხრა, რომ გოგონას მშობელს დაუკავშირდა. დედამ უთხრა, რომ არ თქვენც მოხვიდეთ და არც თანაკლასელები არ მოვიდნენო. მათ უკვე მიმართეს პროკურატურას. ექსპერტიზაც ჩართულია ამ საქმეში. ბავშვის დედამ თქვა, რომ ისინი მოძალადის მშობლებს არც დაკავშირებიან და მომხდარზე რეაგირებას ცივილიზებულად, სამართლებრივი გზით აპირებენ. როგორც გავიგე, ბიჭმა გოგონას მობილური ტელეფონის ნომერი შეყვარებულისაგან გაიგო, შეხვედრაზე მოტყუებით მიიყვანა და თანაც სხვა სახელით გაეცნო. მომხდარზე საგანმანათლებლო რესურსცენტის ხელმძღვანელსაც ვაცნობეთ“, – განუცხადა Knews.ge-ს სკოლის დირექტორმა. 
ბიჭის დედა შვილის მხრიდან გოგონას გაუპატიურებას გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ გოგონა სექსუალურ ურთიერთობაზე თავად დათანხმდა. 
არსებული ინფორმაციით, 13 წლის გოგონას სხეულზე ეტყობა ნაიარევი, რომელიც 17 წლის ბიჭმა გაუპატიურების დროს მიაყენა.

„როგორც მე გავიგე გოგონას ბეჭები დასერილი აქვს დანით. როგორც ვიცი, გოგონას დედა ამბობს ამის შესახებ“, – განუცხადა Knews.ge-ს სკოლის დირექტორმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე–3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, რომელიც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.