ახალი ამბები

დღეს თორმეტი მოციქულის ხსენება – სვეტიცხოვლობა აღინიშნება

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სადღესასწაულო ლიტურგიას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წმ. სინოდის წევრებთან ამ წუთებში აღავლენს. 
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია საუფლო კვართსა და ღვთივბრწყინვალე და მირონმდინარე სვეს იხსენიებს, 13 ივლისს კი – მაცხოვრის ყველა მოციქულს.
წმინდა სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ 12 მოციქული გამოარჩია. მათგან ერთმა იუდა ისკარიოტელმა იგი გასცა. შემდგომ მის ნაცვლად უფალმა მატათა მოციქული გამოარჩია. ამდენად, დღეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მოციქულებს: სიმონს, რომელსაც ეწოდა პეტრე და მის ძმას ანდრიას, იაკობსა და მის ძმას იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესს, ლებეოს, რომელსაც ეწოდა თადეოზ, სიმონ მოშურნეს და მატათას იხსენიებს. 
„კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა“ უძველესი დღესასწაულია. ცნობები ამ დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოიპოვება.
ეკლესიას თითოეული მოციქულის ღვაწლის მოსაგონებლად საგანგებო დღე აქვს დაწესებული, მაგრამ პეტრე-პავლობის მომდევნო დღეს ყველა მათგანს ერთად იხსენიებს. თავად სვეტიცხოვლის ტაძარი ქრისტეს 12 მოციქულის სახელზეა აგებული.
დღესვე აღინიშნება კეთილმორწმუნისა დინარა დედოფლის (X) ხსენება აღინიშნება. დინარა ჰერეთის დედოფალი იყო და მოსახლეობას სპარსთა მონოფიზიტური სარწმუნოებისგან იცავდა.