ახალი ამბები

თელავში საკრებულოს წევრი სხდომიდან გააძევეს

მისივე განმარტებით, მას საკრებულოს სხდომაზე უნდა ესაუბრა ფრაქცია ძლიერი თელავის შექმნასთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. დეპუტატის მტკიცებით, არჩილ თხლაშიძემ მას ამ საკითხზე საკუთარი შეხედულების დაფიქსირების შესალებლობა არ მისცა და შეუზღუდა როგორც თავისუფალი მანდატის, ისე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. 
“სხდომის დასაწყისში საკრებულოს თავმჯდომარეს მივმართე, რომ მქონდა სამი საკითხი. საკრებულოს თავმჯდომარემ მოისმინდა და იმ ორ საკითხზე, რომელიც მისთვის იყო მისაღები, სიტყვით გამოსვლის ნება დამრთა, მესამე საკითხე კი, რომელიც მის კრიტიკას ეხებოდა, არ დამრთა ნება, რომ ჩემი თვალსაზრისი დამეფიქსირებინა. ეს ეხება ფრაქცია “ძლიერი თელავის” შექმნას. საკრებულოს თავმჯდომარემ შეითავსა ჩემი რედაქტორის ფუნქციები. მან შემიზღუდა როგორც თავისუფალი მანდატის ისე სიტყვისა და გამოხატვის უფლება, რომელიც მთავარია. ბატონ არჩილს დიდი პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს და სრულიად შემთხვევით არის საკრებულოს თავმჯდომარე, მაგრამ იმდენი კი უნდა იცოდეს, რომ დეპუტატს აქვს ტრიბუნასთან აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება. მისი ქმედებები სცილდება დემოკრატიის ჩარჩოებს. მეტსაც გეტყვით. მან უგულებელყო სასამართლო გადაწყვეტილებები. 21-ე საუკუნეში, დემოკრატიულ ქვეყანაში, წარმომადგენლობით ორგანოში, საკრებულოს თავმჯდომარე იმპერატორივით ფიქრობს”, -განუცხადა Knews.ge-ს ნიკოლოზ ვარდოშვილმა. 
საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე ადასტურებს, რომ ნიკოლოზ ვარდოშვილს ფრაქცია “ძლიერი თელავის” შექმნასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების განხილვაზე უარი უთხრა. თხლაშიძის მტკიცებით, ამ ფაქტმა გამოიწვია ვარდოშვილის გაღიზიანება, რის შემდეგაც მან დაარღვია რეგლამენტი და ხელი შეუშალა საკრებულოს სხდომის ნორმალურ რეჯიმში წარმართვას. საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, იგი ამ ფაქტის შემდეგ იძულებული გახდა, ვარდოშვილი სხდომიდან პოლიციის ძალით გაეძევებინა. 
“ნიკოლოზ ვარდოშვილმა დააყენა საკითხი, რომელზეც უარი ეთქვა. საკრებულოს სხდომაზე უაზრობა იყო მაგ საკითხის განხილვა იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრების პროცესშია. შესაბამისად სასამართლოს მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილება დადგენილი არ არის. აქედან გამომდინარე მაგ საკითხზე მსჯელობას აზრი არ ექნებოდა. ამან გამოიწვია მისი გაღიზიანება და თქვა, რომ მაინც ისაუბრებდა ამ საკითხზე. მე გავაფრთხილე, რომ დარბაზიდან გაგაძევებ მეთქი. ისეთი ქმედებები ჩაიდინა, რომ იძულებული გამხადა, გამომეძახებინდა დაცვის პოლიცია და მათი ძალით დაეტოვებინა დარბაზი. ის ითხოვდა კიდეც, რომ მოიყვანეთ პოლიცია და გამაძევეთო”, – განუცხადა knews,ge-ს არჩილ თხლაშიემ. 
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, არჩილ თხლაშიძესა და ოპოზიციონერ დეპუტატს, ნიკოლოზ ვარდოშვილს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულომ ოპოზიციური პარტიის წევრებს „ახალი მემარჯვენეებიდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“ უარი უთხრა ფრაქცია „ძლიერი თელავის შექმნაზე“. დეპუტატებმა საკრებულოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს თელავის რაიონულ სასამარლოში, რომელმაც წარმომადგენლობით ორგანოს დაავალა, გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფრაქცია “ძლიერი თელავის” რეგისტრაციის შესახებ. თელავის საკრებულომ კი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამარლოში, რომელმაც თელავის სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეცვალა. 
ქალაქ თელავის წარმომადგენლობითი ორგანო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. 
“ახალი მემარჯვენეების” წევრი, ნიკოლოზ ვარდოშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ბაადურ რევაზიშვილი და ლევან არჯევანიძე ოპოზიციური ფრაქციის შექმნას 2014 წლის სექტემბრიდან ითხოვენ.