ახალი ამბები

გენმოდიფიცირებული სურსათის ეტიკეტზე ნიშანდება “გმ”-ს მითითება სავალდებულო გახდა

აღნიშნული კანონის მიზანია მომხმარებლის ინფორმირება სურსათში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების არსებობის შესახებ. ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ მომხმარებელს ექნება არჩევანის თავისუფლება, ვინაიდან ის იქნება ინფორმირებული, სურსათი გენმოდიფიცირებულია თუ არა.
კანონი არეგულირებს ეტიკეტზე განსათავსებელ ინფორმაციას. კერძოდ, თუკი სურსათის შემადგენლობაში არსებული გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები საერთო მასის 0,9%-ზე მეტია, მაშინ ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში უნდა იყოს მითითებული წარწერა „გმ“.

კანონის მიხედვით, ეს ნიშანდება მომხმარებლისთვის ადვილად აღქმადი და თვალსაჩინო უნდა იყოს. თუკი სურსათის ერტიკეტირება შეუძლებელია, თანმხლებ დოკუმენტაციაში უნდა იყოს მითითებული ინფორმაცია გენმოდიფიცირებულობის შესახებ. ეტიკეტირების წესის დარღვევა საქართველოს კანონმდებლობით ჯარიმდება 5 000 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება და ბიზნეოპერატორს 10 000 ლარის გადახდა მოუწევს. 
სურსათი, რომლის ეტიკეტზეც არ იქნება მითითებული ‘გმ’ და ლაბორატორიული კვლევით აღმოჩნდება გენმოდიფიცირებული, ექვემდებარება განადგურებას. თუკი ბიზნესოპერატორი არ გაანადგურებს ასეთ სურსათს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით იგი დაჯარიმდება 10 000 ლარით.