ვიდეორეპორტაჟი

საიდუმლო გვირაბები თელავში

თელავში,  ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მცხოვრები 63 წლის ამირან გრიშუკაშვილს თავად მრავალჯერ უნახავს მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში გამავალი საიდუმლოებით მოცული გვირაბი. გრიშიკაშვილი იხსენებს, რომ ბავშვობაში მეგობრებთან ერთად ჩირაღდნებით ხშირად შედიოდა ტუნელის სიღრმეში, რომელიც დაახლოებით  5 მეტრის გავლის შემდეგ ორად იყოფოდა. ამირან გრიშიკაშვილს ისიც ახსოვს, რომ გვირაბის მარცხენა მხარეს  ჩამოდიოდა რუ, რომელიც ე.წ. უკვდავების წყაროს სახელით იყო ცნობილი.

„ამ თაღის შიქგნით მეორე თაღია, რომელშიც ბავშვები ფეხზედგომელა ვერ შევდიოდით ხოლმე. ჩირაღდნებით დაახლოებით 4-5 მეტრაზე შევდიოდით. რაც დანახული გაქვს, ტუნელის მარცხენა მხრიდან დაბახული გვაქვს რუ, წმინდა წყალი. მივედით იქამდე, სადაც წყალი ჩამოდიოდა. მერე შეგვეშინდა. შიგნით შესვლას ვეღარ ვბედავდით. ეკლესიის მხარესაც მიდიოდა პატარა ტუნელი, მაგრამ იქ ვეღარ შევდიოდით“, – ამბობს ამირან გრიშიკაშვილი.

ისტორიკოსი ზაზა ცაკაშვილი კი გვირაბის ისტორიისა და მნიშვნელობის რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს. მისი განმარტებით, როდესაც XIII საუკუნეში თელავს მონღოლი მოხელე სადუნ მანკაბერდელი მართვდა, გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, მისი სასახლე იდგა. ის ვარაუდობს, რომ ეს გვირაბი სწორედ მონღოლი მმართველის დროინდელია. ცაკაშვილი იმასაც არ გამორიცხავს, რომ საიდუმლოებიოთ მოცული ეს ტუნელი მე-18 საუკუნისაა და ის გორიჯვრის ეკლესიას უკავშირდებოდა.

„ისტორიულად ეს შეიძლება იყოს ეკლესიასთან დაკავშირებული, რადგან მაშინ მონასტერიც იყო ან ზველი, როცა სავარაუდოდ აქ იყო მმართველი, მფლობელი სადუნ მანკაბერდელი. ამას უნდა კვლევა“, – აღნიშნავს ზაზა ცაკაშვილი.

თელავის მერიის კულტურის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება საიდუმლო გვიარაბების თემით დაინტერესებულია. ძეგლთა დაცვის სპეციალისტი ვახტანგ გაგნიძე აცხადებს, რომ გვირაბის შესწავლი პროცესში არქეოლოგები და დარგის ექსპერტები ჩაერთვებიან.

70 წლის ლამარა შათირიშვილი დაახლოებით ნახევარი საუკუნეა, რაც ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ცხოვრობს. მას წინაპრებისაგან სმენია, რომ  ჩოლოყაშვილის ქუჩა დაქსელილი იყო საიდუმლო გვირაბებით, რომელიც გორიჯვრისა და ყოვლადწმიდა ღმრთისმსობლის ტაძრებს ერთმანეთთან აკავშირებდა. ხანში შესულ ქალბატონს ის ფაქტიც იხსენებს, რომ საცხოვრებელი სახლის ეზოში, სამშენებლო სამუშაოების დროს, მისმა მეუღლემ მიწის სიღრმეში გამავალი 10 მეტრამდე სიღრმის ტუნელი აღმოაჩინა.

„ჩემი მეუღლე ამბობდა, რომ ეკლესიიდან ეკლესიამდე გვირაბები გადიოდა და ის იქნება ალბათო“, – ამბობს ლამარა შათირიშვილი.

მსგავსს ფაქტი იხსენებს ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ლია ალექსიშვილიც. ის ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ სარემონტო სამუშაოების დროს მიწის ფენა ჩაინგრა. ალექსიშვილს ისიც კი ახსოვს, რომ იმ დროს სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანი დაახლოებით 50 მეტრ სიღრმეზე ჩავიდა, თუმცა მიწის ქვეშ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო, რადგან სუნთქვა შეეზღუდა. იმ დღესვე ის ორმო მიწით ამოქოლეს.

„სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს ჩაინგრა მიწა. მახსოვს, რომ თოკმობმული მუშა. მან საკმაოდ დიდი მანძილი გაიარა. როგორც მუშამ თქვა, კირით ნაშენი, აგურით მოპირკეთებული სიმრგვალე იყოო. როგორც მან მოიტანა ამბავი, იქ გვირაბის მაგვარი რაღაც არსებობდა“, – აღნიშნავს ლია ალექსიშვილი.

თელავში გამავალი საიდუმლო ტუნელებიდან ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება ბატონის ციხის საიდუმლო გვირაბი, რომელსაც ჩასასვლელი პირველი საჯარო სკოლის სარდაფიდან აქვს. გვირაბში გამოედინება საიდუმლო წყარო, რომლითაც ომის დროს სამეფო კარი და სასახლეში შეხიზნული მოსახლეობა მტრისგან მალულად მარაგდებოდა. არქეოლოგებმა ბატონის ციხის საიდუმლო წყაროს აზომვითი სამუშაოები უკვე დაასრულეს. თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორი აცხდებს, რომ ბატონის ციხის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მუზეუმი სპეციალური ბილიკით დაუკავშირდება წყაროს, რომლის დათვალიერების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება.

„მუზეუმის დირექციამ შევთავაზეთ, რომ ბატონის ციხის ჩრდილოეთ კედელზე გაკეთდეს კიბე, რომელიც გადავა. მას გაუყვება საჰაერო ბილიკი, რომელიც ბჯენებზე იქნება დაშენებული. შენობის ჩრდილოეთი მხრიდან, ფანჯრიდან, შესაძლებელი იქნება გვირაბში შესვლა. შესაძლებელია იქ კარებიც კი გაკეთდეს. სასწავლო პროცესის ხელის შეუშლელად დამთვალიერებლები მოხვდებიან საიდუმლო წყაროზე“, – განმარტავს გურამ ურჩუხიშვილი.

„მულტიმედიური რეპორტაჟები  სოფლებიდან “რუბრიკის მომზადებისათვის knews.ge რედაქციას მხარს უჭერს ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.