ახალი ამბები

დედოფლისწყაროში კალიის წინააღმდეგ წამლობის პროცესს სოფლის მეურნეობის მინისტრი დაესწრო

წამლობის სამუშაოების მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროს ზაზა დოლიძესთან და კახეთის რეგიონის გუბერნატორ ირაკლი შიოლაშვილთან ერთად დაესწრო.
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, კალიის წინააღმდეგ წამლობას სპეციალისტები სამანქანო დანადგარებითა და ავიაციის მეშვეობოთ ახორციელებენ. 
,,ამ დროისთვის დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ახმეტის, გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში წამლობით 14 500 ჰექტარია დამუშავებული, მათ შორის 1500 ჰექტარი ავიაციის გამოყენებით. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე მავნებლის აქტივობა პიკს აღწევს, ღონისძიებები მაქსიმალური ინტენსიობით მიმდინარეობს”,-აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ. 
წამლობის ღონისძიებები 2015 წლის მიზნობრივი პროგრმის ფარგლებში მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზაზა დოლიძეს თქმით, სააგენტო საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნებლების წინააღმდეგ წამლობას ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატების გამოყენებით ყოველწლიურად ახორციელებს. კახეთში იტალიური კალიის წინააღმდეგ ქიმიური წამლობა 26 მაისიდან დაიწყო.