უკანონო ნაგავსაყრელები, როგორც დამოკლეს მახვილი (R)
კახეთის რეგიონში ნარჩენების მართვისა და გადამუშავების საკითხი ადგილობრივი პოლიტიკის მთავარი თემა არ არის. არც საზოგადოება და არც ხელისუფლება საკითხს უმთავრეს პრობლემათა შორის არ აყენებს, თუმცა როგორც ექსპერტები ამბობენ, მდგომარეობა საგანგაშოა და მთავრობამ მოქალაქეებთან ერთად გარემოს დაბინძურების საფრთხე სათანადოდ უნდა გაიაზროს.
400 000 – მდე კაცით დასახლებული რეგიონის არც ერთ ქალაქში კანალიზაციის წყლის გამწმენდი ნაგებობა არ არსებობს. ფეკალურ მასებთან ერთად ხევებში, არხებსა და მდინარე ალაზანში ქიმიური ნივთიერებებით და პესტიციდებით მოწამლული წყალი ჩაედინება. რეგიონის თითქმის ყველა სოფელში მოსახლეობა ნაგავს სტიქიურად ყრის და ამით დაავადებათა გავრცელების საფრთხესაც ზრდის.
არ მოქმედებს ეფექტური საჯარიმო ფუნქციები, რაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს საშუალებას მისცემდა შეაჩეროს სტიქიური დაბინძურება. საქართველომ 2003 წლის 23 მაისს ხელი მოაწერა სტოკჰოლმის კონვენციას და საქართველოს პარლამენტმა მისი რატიფიცირება 2006 წლის 11 აპრილს მოახდინა. კონვენცია ქვეყნის ხელისუფლებას ავალდებულებს მიიღოს ზომები მდგრადი ორგანული დამბინძურებლების პირდაპირი და ირიბი გზით წარმოებისა და მოხმარების, ისევე როგორც არსებული საწყობებისა და ნარჩენებიდან მათი გამოფრქვევის შემცირების ან სრული აღკვეთისათვის. თუმცა, როგორც გარემოს დაცვის სპეციალისტები აცხადებენ, ბოლო ათი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის კახეთის წარმომადგენელი კახა სუხიტაშვილი აღნიშნავს, რომ პრობლემა უფრო ღრმაა, ვიდრე ზედაპირზე დევს: ადამიანებს არ ჰქონდათ ალტერატივა და ამიტომ ნაგავსაყრელები თავად შეარჩიეს. სტიქიურმა ნაგავსაყრელებმა კი უამრავი უარყოფითი ფაქტორი გამოიწვია:
„დღეს არალეგალური ნაგავსაყრელი კახეთის თითქმის ყველა სოფელშია. იმიტომ რომ არ ქონდათ ალტერნატივა და ადამიანებმა თვითონ შექმნეს ნაგვის გატანის მექანიზმი. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი ისაა, რომ უკვე ამოქმედდა ახალი კოდექსი ნარჩენების მართვის შესახებ, რომლის თანახმად მუნიციპალიტეტი ვალდებულია გაწმინდოს და გააუქმოს არალეგალური ნაგავსაყრელები. შემდგომ მისი გადამუშავება კი სამომავლო პერსპექტივაა. ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა ნაგავსაყრელების გატანა და მათი გაწმენდაა. მუნიციპალიტეტებს დიდი შრომა მოუწვეთ ნარჩენების გადამუშავების მიმართულებით.
თუ გვინდა ევროული ქეყეყანა ვიყოთ, აუცილებელია რომ ნარჩენების გადამუშავება ვისწავლოთ. დაცალკევდეს ქაღალდი, პლასტმასი თუ სხვა მასალები. ჩემი აზრით, კახეთის მომგებიანი იქნება კომპოსტირება. რეგიონის წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა და ნარჩენების მართვა საუკეთესო გამოსავალი იქნება წარმოების განვითარებისთვისაც. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტების მუშაობა საკმარისი არ არის, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სფერო ახალია და ამიტომ ძალიან დაბალია ცნობიერების დონე,“– მიიჩნევს კახა სუხიტაშვილი.
კახეთის ტერიტორიაზე ნარჩენების მართვა კახეთის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილიცაა. ექსპერტები და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოქმედების მთავარ მექანიზმად გარემოსდსცვითი ცნიბერების გაზრდას მიიჩნევენ და ამავე დროს, ყურადღებას სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ და კოორდინირებულ მუშაობაზე ამახვილებენ:
„ის, რომ ნაგავი არ უნდა დაყაროს და ცუდია, ეს იცის ყველამ. ამ ნაწილში ცნობადობა არის, მაგრამ სამწუხაროდ, ქცევაზე არ აისახება. ნარჩენების გამო თუ საჯარიმო სანქციები არ ამოქმედდა, გამოსავალი არ იქნება,“– მიიჩნევს ექსპერტი.
ნაგავსაყრელები ცენტრალური ხელისფლების კომპეტენცია გახდა და ამჟამად მის მართვას ნარჩენების ეროვნული კომპანია ახორციელებს. თელავის თვითმმართველი თემის გამგებლის მოადგილე დავით ნაპირელმა „კახეთის ხმას“ მუნიციპალიტეტის მიერ ნარჩენების მართვის სტრატეგიაზე უამბო და აღნიშნა, რომ უახლოეს 1 თვეში თელავის 22 სოფლის ნაგავსაყრელის დასუფთავების საკითხი უფრო უკეთ გადაიჭრება.
„მუნიციპალიტეტის ფუნქციაა მოაგროვს ნაგავი და მიიტანოს ნაგავსაყრელმდე. ამ როლს ჩვენ ყოველდღიურად ვასრულებთ. თელავის თემის მასშტაბით დიდი მოცულობის ნაგვის ურნები ყველგან იქნება განთავსებული. მაქსიმუმ ერთ თვეში გვექნება ახალი ურნები. შევიძინეთ ორი თანამედროვე, ახალი ნაგავმზიდი და თემის სრულ ტერიტორიას მოვიცათ ლეჩურისა და თეთრწყლების ჩათვლით 22 თემში. ამჟამად ყველანაირი ტექნიკური საშუალება გვაქვს. სტიქიური ნაგავსაყრელებიდან ნაგვის გატანისათვის 90 000 ლარია გამოყოფილი.“
გარემოს დაბინძურების ზიანის შემცირებისათვის აუცილებელია მუნიციპალიტეტბმა გააძლიერონ მუშაობა სტიქიური ნაგავსაყრელების მოსპობის მიმართულებით. ამავე დროს, მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს გადამამუშავებელი წარმოების განვითარებას, რაც საბოლოოდ გარემოს დაცვის სერიოზული წინაპირობა გახდება.