სტატიები

გურჯაანი თვითმმართველობის რეფორმის შემდეგ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე ამბობს, რომ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გარდა, თვითმმართველობის ახალი კოდექსით“ შეიცვალა გამგებლის არჩევის წესი და მოსახლეობას უკვე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირის პირდაპირი წესით არჩევის შესაძლებლობა აქვს. გამგებლის განმარტებით, სამართლებრივი კუთხით დაზუსტდა სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების საქმიანობა დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. გერგიძის შეფასებით, ეს დადებითად აისახება დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების ეფექტიანობაზე.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსმა“ გააერთიანა მანამდე არსებული ადგილობრივი თვითმმართველობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმები, რაც უზრუნველყოფს წინააღმდეგობების თავიდან აცილებას. ახალი კოდექსით გამოკვეთილია ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი თანამდებობის პირი – გამგებელი. შეიცვალა მუნიციპალური ქონების განკარგვის წესი, რაზედაც გამგებელი იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოს თანხმობით. კოდექსი, ასევე, ითვალისწინებს საშტატო რიცხოვნობის განსაზღვრის დროებით და შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობის განსაზღვრის წესს. დადგინდა, რომ საკრებულოსა და გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების 25 პროცენტს. თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით კი, შექმნილია და ფუნქციონირებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ვებგვერდი, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწვდას, აგრეთვე, სოფლებში პერიოდულად ტარდება კრებები პრიორიტეტების განსაზღვრისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის მიზნით’’,– განახადა გია გერგიძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას დადებითად აფასებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ყვირალაშვილი და განმარტავს, რომ ძველი კოდექსით ბუნდოვანი იყო გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების გამიჯვნის საკითხი. მისივე განმარტებით, 2014 წლის ცვლილებების შემდეგ შეიქმნა თვითმმართველობის ინსტიტუციური მოწყობის ქმედითი მოდელი, რომელიც მორგებულია სოფლის მოსახლეობის საჭიროებებზე. რეფორმის კიდევ ერთი ცვლილება ისაა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი თანამდებობის პირი ახლა გამგებელია, მაგრამ საკრებულოს ძირითადი უფლებამოსილება მაინც დარჩა. რეფორმამ ამავე დროს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობაც გაზარდა, მაგრამ ზვიად ყვირალაშვილი ამ მიმართულებით საზოგადოების დაბალ აქტიურობაზე საუბრობს.
,,საკრებულოს მაინც ძირითადი უფლებამოსილებები შეუნარჩუნდა: ეს არის თვითმმართველობის ნორმატიული აქტების მიღება, თვითმმართველობის თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი და ანგარიშის მოსმენა, მონიტორინგი და გამგებლისათვის უნდობლობის გამოცხადების უფლებამოსილება, ასევე, საკრებულოს თანხმობის გარეშე ვერ განხორციელდება ააიპი ორგანიზაციების შექმნა, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია. გამგებელს მაინც სჭირდება საკრებულოს თანხმობა აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის სფეროში, საბიუჯეტო სფეროში, ქონების მართვის სფეროში და სხვა. რაც შეეხება თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობას, სამწუხაროდ, დაბალია. ვცდილობთ, რომ მაღალი იყოს. მათი ჩართულობა ხშირად ეხება ინფრასტრუქტურული პროექტების მოთხოვნას, ქუჩის განათებას, სკვერის მოწყობას, სოციალური საკითხებსა და სხვა, ‘’– ამბობს ყვირალაშვილი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს პოზიციას არ იზიარებენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაში ისინი რეალურ და ძირეულ ცვლილებებს ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ ცვლილება მხოლოდ ფურცელზე დაწერილ რეგულაციად დარჩა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების’’ თავმჯდომარე, დავით ჭუნიაშვილი თვლის, რომ თვითმმართველობის რეფორმის შემდეგ მოქალაქეებისთვის რეალურად არაფერი შეცვლილა. მისი თქმით, აუცილებელია ადგილობრივმა ხელისუფლებამ სხვა საკითხების გარდა, თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობასა და გააქტიურებაზეც უნდა იზრუნოს.
,,სოფლის პროგრამების ფარგლებში ატარებდნენ შეხვედრებს, სოფლის კრებებს, ახლაც მაგით შემოიფარგლებიან, იგივე პრაქტიკაა, არაფერი შეცვლილა. ჩემი აზრით, მოქალაქეთა ჩართულობა უნდა იყოს მაღალი. საკრებულოს წევრების მოვალეობა კი არის, რომ გააქტიურონ ისინი, მაგრამ მათ თვითმმართველობის იმედი აღარ აქვთ, რადგან ის, რაც რეალურად უნდა გაკეთებულიყო, არ კეთდება. ხელისუფლებას მეტის გააკეთება ჰმართებს. როცა ჩვენ დეპუტატები ვსაუბრობთ, ვკამათობთ და ვითხოვთ კონკრეტული საკითხის მოგვარებას, ხშირად არ ითვალისწინებენ და მოქალაქეებმა რა უნდა იფიქრონ’’,- აცხადებს დავით ჭუნიაშვილი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ლეიბორისტული პარტიიდან, ზურაბ სეფიაშვილი, ამბობს, რომ დღეისთვის ადგილობრივ თვითმმართველობას არ შეუძლია დამოუკიდებლად რაიმე გადაწყვეტილების მიღება და იგი მითითებების შესაბამისად მოქმედებს.
,,მითითებები ძირითადად მოდის შუშის კოლბიდან და ნაწილდება რეგიონებში. ამის მიხედვით ხდება ადგილობრივი თვითმმართველობების მართვა. დღეს საკრებულოს არ გაჩნია ფუნქცია, რომ რაიმე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს. საკრებულოს წევრი ვარ, ხალისიც არ მაქვს, რომ მივიდე სხდომებზე. ეს ყველაფერი თვალების ახვევაა. რა უნდა შეცვლილიყო? ვითომ ფორმატებს ცვლიან, მაგრამ იგივე მდგომარეობაა. მოქალაქეების ჩართულობა არ გაზრდილა, არ აქტიურობენ და არც ახედებენ მათ საქმეებში. საკრებულოს წევრებმა არ ვიცით, რომელი პროექტი რა თანხით ფინანსდება და მოქალაქეს ვინ ჩააყენებს საქმის კურსში,’’ – ამბობს ზურაბ სეფიაშვილი.
გურჯაანელების თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შესახებ, მის მიზნებსა და შედეგებზე ინფორმაცია არ აქვთ. მათი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა.
,,უკეთესობისკენ საერთოდ არაფერი შეცვლილა ან რა უნდა შეცვლილიყო? – არ ვიცი. ისიც არ გამიგია, რომ თვითმმართველობის რეფორმა განხორციელდა. მოსალოდნელ შედეგებზე არც მინდა საუბარი, ხალხი მარტო არჩევნების წინ ახსენდებათ, რომ მიიღებენ ჩვენს ხმებს და თანამდებობებზე დაინიშნებიან, მერე ვავიწყდებით’’,- განაცხადა გურჯაანის მკვიდრმა ცისია ბოჭორიშვილმა.

 

მასალა მომზადებულია სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოება დეცენტრალიზაციისათვის” ფარგლებში, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” პოზიციას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შექმნილი „ჟურნალისტთა ქსელი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის” – ქვეყნის ყველა რეგიონში იწყებს მუშაობას. ქსელის მიზანია მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობა და თვითმმართველობის რეფორმის შესახებ საზოგადოების ინფორმირება.