ახალი ამბები

გურჯაანის სოფელ ვაჩნაძიანში ბუნებრივი ტბა აღმოაჩინეს

ბუნებრივი ტბის ფართობი 2 ჰექტარია, ხოლო სიღრმე კი 5-6 მეტრი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურისა და ძეგლთა დაცვბის სამსახურის სპეციალისტის, თამაზ მარკოზაშვილის განცხადებით, სოფლის მაცხოვრებლები ტბას დიდწურბელას ეძახიან, რადგან იქ წურბელები ბინადრობს. წურბელების გარდა, ტბაში კუ, გამბუზია და წითელ წიგნში შეტანილი ამფიბია- ტრიტონები ბინადრობს. თამაზ მარკოზაშვილის განმარტებით, ტბა მიწისქვეშა გოგირდოვანი წყლით საზრდოობს. დიდწურბელის ტბა ისტორიულ წყაროებში არ არის მოხსენიებული. 
„ტბა ბუნებრივია და მიწის წიაღიდან ამოდის გოგირდოვანი წყალი, რომელიც ტბაში გროვდება და გამდინარეა. ტბაში ძირითადად წურბელები ბინადრობენ. დიდი რაოდენობითაა წყლის კუ. ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა, ტბაში გვხვდება მცირე აზიური ტრიტონი, რომელიც გადაშენების პირასაა. ადრე ამ ტბიდან ამოჰყავდათ წურბელები და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში ყიდიდნენ. თუ სათანადო ინფრასტრუქტურა მოეწყობა, მნიშვნელოვანი ტურისტული ძეგლი გახდება. ამას, ასევე, ხელს უწყობს ისიც, რომ ტბიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები: ვაჩნაძიანის ყველაწმინდის სამონასტრო კომპლექსი და ყოვლადწმინდა სამების ტაძარი“, – განუცხადა Knews.ge-ს თამაზ მარკოზაშვილმა. 
მისივე თქმით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა გეგმავს, შესაბამის უწყებებს ტბის შესწავლის მოთხოვნით მიმართოს.