სტატიები

რამდენად ეფექტურია ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისთვის

კოდექსის მიხედვით, გამგებელი პირდაპირი წესით ამომრჩეველთა მიერ 3 წლის ვადით არის არჩეული და ის თვითმმართველობის უმაღლესი თანამდებობის პირია. გარდა ამ საკითხებისა, კოდექსში სხვა სახის ცლილებებიც შევიდა, რომელიც, როგორც თვითმმართველობებში აცხადებენ, მუნიციპალიტეტებს ფინანსურ დამოუკიდებლობას მოუტანს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში დღეისთვის რეგიონული განვითარების სამინისტრო 140-მდე დარგობრივ კანონზე მუშაობს, რომელმაც შესაბიმისი დარგის კანონმდებლობა თვითმმართველობის კოდექსთან ჰარმონიული უნდა გახადოს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი ბოკერიას თქმით, რეფორმამ წინა წლებთან შედარებით ადგილობრივი თვითმმართველობა უფრო მეტად დამოუკიდებელი გახადა.
,,თვითმმართველობის რეფორმას გარკვეული ეტაპები აქვს და გათვლილია რამდენიმე წელზე. რეფორმის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა თვითმმართველობებთან მიმართებით, ძალიან ბევრ კანონში და ნორმატიულ აქტში შევიდა შესაბამისი ცვლილებები. რეგიონული განვითარების სამინისტრო 140-მდე დარგობრივ კანონზე მუშაობს სხვადასხვა მიმართულებებით და მეტი უფლებები განესაზღვრება თვითმმართველობას და ეს იქნება დეცენტრალიზაციისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი. ეს ყველაფერი მომზადდება სექტემბრამდე და გავა პარლამენტში განსახილველად, სხვა უკვე დამტკიცებულ კანონებთან შესაბამის ნორმატიულ აქტებთან ერთად, რომელიც უკვე მიღებულია. რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ გამგებელი არჩევითი გახდა. Aამან, რა თქმა უნდა, გაზარდა პასუხისმგებლობა და მეტად ანგარიშვალდებული გახდა არჩეული პიროვნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და დადებითად შეიძლება ჩაითვალოს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეთა რაოდენობის დადგენა ფორმულით ადგილობრივ თვითმმართველობებში, რომელიც განსაზღრავს რამდენი პირი უნდა იყოს დასაქმებული თითოეულ მუნიცპალიტეტში და გამორიცხავს შტატების ხელოვნურად გაზრდას. ეს პროცესი ჩვეენთანაც მიმდინარეობს და საჯარო მოხელეები, სწორედ, ამის მიხედვით დაინიშნენ’’-განაცხადა გიორგი ბოკერიამ.
ბოკერია ამბობს, რომ 2012 წლამდე საჯარო მოხელეების 97% არ იყო კონკურსის წესით დანიშნული, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მიხედვით კი, ეს სავალდებულო გახდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, გარდა სხვა საკითხებისა, მუნიციპალიტეტები ფინანსურად დამოუკიდებლები გახდნენ, რაც მათ საშუალებას აძლევს, საკუთარი შემოსავლები თავად განკარგონ.
,,კონკურსები და ატესტაციები გატანილი იქნა თვითმმარველობის გარეთ და უკვე საჯარო მოხელეები დამოუკიდებელ პროვაიდერებთან კონტრაქტის დადებით ახორციელებენ ტესტირებას და სხვა პროცედურების გავლას, რომ დაინიშნონ თანამდებობაზე. ეს კი მოხელეებს დამოუკიდებელს და თავისუფალს ხდის პოლიტიკური წნეხისგან. რაც შეეხება ფინანსურ საკითხებს, 2016 წლის 1 იანვრიდან საშემოსავლო გადასადის ნაწილი იქნება ზიარი, რაც გაზრდის თვითმმართველობების ფინანსური დამოუკიდებლობის ნაწილს და მათ საშუალება ექნებათ საკუთარი შემოსავლები თვითონ განკარგონ. მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეთა გადამზადების პროცესიც. თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში 2016 წლიდან სავალდებულო გახდება და სახელფასო ფონდის არანაკლებ 1%-ი გათვალისწინებული უნდა იქნეს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში საჯარო მოხელეების უწყვეტი სწავლების დასაფინანსებლად. ფინანსური კუთხით მუნიციპალიტეტისთვის არის უპრეცენდენტო წელი, რადგან საკმაოდ ბევრი პროექტი ხორციელდება, მაგალითად: მიმდინარეობს 9-მილიონიანი პროექტი სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის კუთხით, შენდება იუსტიციისა და სოფლის სახლები, ასევე, განხორციელდება საკმაოდ დიდი პროექტები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან სხვადასხვა მიმართულებით. ფაქტობრივად ჩვენი ფინანსები სამჯერ არის გაზრდილი წინა წლებთან შედარებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრ პრობლემებს მოხსნის’’,- ამბობს გიორგი ბოკერია.
როგორც გამგებლის მოადგილე განმარტავს, თვითმმართველობის კოდექსში გათვალისწინებულია მოქალაქეთა გააქტიურება და ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესებში მათი ჩართვა, რასაც უწყება აქტიურად ახორციელებს.
-,,მოქალაქეებს უფლება აქვთ, ჩაერთონ რაიმე საკითხების დაგეგმვის პროცესში და მოითხოვონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია. მათი აქტივობის გასაზრდელად აქ მოქმედი სათემო ორგანიზაციები თვითონ იკვლევენ პრობლემებს საკუთარ თემში და გვაწვდიან გასათვალისწინებლად. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უკვე ტრადიციად დამკვიდრდა და რამდენიმე წელია ბიუჯეტის დაგეგმვამდე ხდება ამ საკითხების განხილვა. იმ პრიორიტეტების თითქმის 70% ბიუჯეტში აისახება, რასაც თემი განსაზღვრავს.’’
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ, ახალი კოდექსის თანახმად, ნაცვლად საკრებულოს თავმჯდომარისა, გამგებელი არის ყველა ინიციატივის ავტორი და ის თვითმმართველობის პირველი პირი გახდა. გოდერძი ბარბაქაძის თქმით, რეფორმის ფარგლებში საკრებულოს სამუშაო და პასუხისმგებლობა მოემატა.
,,თვითმმართველობის რეფორმის შემდეგ შესაძლებელია საკრებულოს უფლებამოსილებების შეკვეცა, მაგრამ უფრო ეფექტურია ეს და სამუშაო პროცესში გადავიდა უწყება. მე მომწონს მართვის ეს მოდელი. არავინ იფიქროს, რომ რეფორმის შემდეგ საკრებულოს საქმეები შეუმცირდა, არამედ მოემატა და უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრა, ვიდრე აქამდე ჰქონდა’’, –განაცხადა გოდერძი ბარბაქაძემ.
გამგებლის შეკვეცილ უფლებებზე საუბრობს ლაგოდეხის მინიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრი გიორგი გოზალიშვილი. მისი თქმით, სხვადასხვა საკითხებში გამგებელს, საკრებულოს გარეშე გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უფლება არ აქვს.
,,ყველანაირ გადაწყვეტილებას სჭირდება საკრებულოს თანხმობა, ეს კი მეტ-ნაკლებად ზღუდავს გამგებლის მოქმედებებს. ადრე გამგებელი და საკრებულო მოქმედებდნენ საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ახლა კი, ერთი საკითხის გადაწყვეტას მთლიანი საკრებულოს თანხმობა სჭირდება, ეს კი დროში იწელება. ჩემი აზრით, გამგებელს რაღაც საკითხებში უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უფლება,’’- აცხადებს გიორგი გოზალიშვილი.

მასალა მომზადებულია სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოება დეცენტრალიზაციისათვის” ფარგლებში, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” პოზიციას.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შექმნილი „ჟურნალისტთა ქსელი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის” – ქვეყნის ყველა რეგიონში იწყებს მუშაობას. ქსელის მიზანია მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობა და თვითმმართველობის რეფორმის შესახებ საზოგადოების ინფორმირება.