ახალი ამბები

თელავში ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკაზე იმსჯელეს

შეხვედრაზე იმსჯელეს ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის, ადგილწარმოშობისა და მიკროზონების განსაზღვრის რეგულირებისა და მოქალაქეთა ინიციატივებზე რეაგირების მექანიზმების შესახებ. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგლიძის განცხადებით, აუცილებელია, ფერმერებმა იცოდნენ, როგორ უნდა მიიღონ გარკვეული შემოსავალი და რა მექანიზმებს მოიცავს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა.
,,მნიშვნელოვანია, რომ საშუალება მოგვეცა, გვესაუბრა ფერმერებსა და მეწარმეებთან იმ საკითხებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, როგორც ეკონომიკის განვითარების კუთხით, ასევე, მეწარმეებისთვის. შეხვედრაზე ვისაუბრეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ევროკავშირთან გათვალისწინებულ იმ მექანიზმებზე, რომელთა გამოყენების შემდეგაც მეწარმეები შეძლებენ, გარკვეული სარგებელი მიიღონ. ჩვენ მომავალში მათთან თანამშრომლობას ველით და ერთობლივი მუშაობით შევძლებთ, რომ ამ რეგიონის პროდუქტმა დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი ევროპის ბაზარზე, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების სისტემის განვითარების გზით. სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ კახეთში მცხოვრებ მეწარმეებს ჩავუტაროთ გარკვეული ტრენინგები, რომელთა მეშვეობითაც ისინი შეძლებენ, გააცნობიერონ და დაიცვან თავიანთი ინტელექტუალური საკუთრება: როგორიც არის გეოგრაფიული აღნიშვნა, ადგილწარმოშობის დასახელებები, სასაქონლო ნიშანი და სხვა’’,- განაცხადა ნიკოლოზ გოგლიძემ.
კახეთის მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე ლალი სუხიტაშვილის თქმით, იგი სამომავლოდ ,,საქპატენტთან’’ თანამშრომლობას აპირებს. სუხიტაშვილის განცხადებით, აუცილებელია მსგავსი სახის დისკუსიების ჩატარება, რომელიც ხელს უწყობს ფერმერებისა და მეწარმეების ინფორმირებას მნიშვნელოვან საკითხებზე.
-,,მივიღეთ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა აიღოს პატენტი ჩვენმა წარმოებულმა პროდუქციამ და როგორც ბრენდი დარეგისტრირდეს. მე მყავს ფუტკრები და ვაწარმოებ თაფლს. ამ პროდუქტს კი, სხვადასხვა მიკროზონაში სხვადასხვა გემოვნური თვისება აქვს და შესაძლებელია ამ მიკროზონების დაფიქსირება. მომავალში ვაპირებ, ვითანამშრომლო საქპატენტთან და მოვუწოდებ მეფუტკრეთა ასოციაციის ქალებს, რომ დაინტერესდნენ ამით, რათა თავიანთი პროდუქტის ზონების მიხედვით დარეგისტრირდნენ’’,- აღნიშნა ლალი სუხიტაშვილმა.